საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი შუა დერეფანში და დღეს, უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალი, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მინისტრმა გადაცემაში ვრცლად ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებზე.
„უკვე აქტიურად მიმდინარეობს გურიის დარჩენილ 6 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები და ტურისტული სეზონისთვის ეს მონაკვეთი უკვე გახსნილი იქნება. ასევე, გახსნილი იქნება გრიგოლეთის 3 კილომეტრიანი მონაკვეთიც, რომელიც არის დარჩენილი და ჩვენ თბილისიდან - ბათუმამდე უკვე შეუფერხებლად შევძლებთ ჩასვლას, გარდა ერთი მონაკვეთისა - სამტრედიის ხიდს ვგულისხმობ,“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, ამავე დროს, წელს უკვე დაიწყება სარფის დიდი გვირაბის მშენებლობა.
„ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბი აშენდება ამ რეგიონში, ისევე როგორც კობი - ქვეშეთის მონაკვეთზე აშენდა 9 კილომეტრიანი გვირაბი. გარდა ამისა, ტენდერის ფაზაშია თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტი და უახლოეს კვირებში, ჩვენ ამ ტენდერში გამარჯვებულიც გვეყოლება. მოსახლეობისთვის ნათელი რომ იყოს, ეს არის წიწამურიდან - ავჭალამდე მიმართულება. რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი მესამე ლოტზეც - ეს არის გაგრძელება ავჭალიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, მეოთხე - მეხუთი ლოტი კი იქნება ლილო - ლოჭინის მიმართულება. ყველა ეს პროექტი წელს დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის შემოვლითი გზა, ერთი მხრივ, შუა დერეფნის უწყვეტობისთვის, მეორე მხრივ - თავად თბილისის სატრანსპორტო უზრუნველყოფის კუთხით“, - განმარტა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მან კახეთში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის მიმართულებით. წელს სამინისტრო უკვე გამოაცხადებს შემდგომ ლოტებსაც, მაგალითად, ბადიაური - ბაკურციხის მიმართულებით.
„გაცილებით მეტი საგზაო პროექტის განხორციელება იგეგმება, ვიდრე ეს აქამდე განხორციელებულა. მათ შორის შედის ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 17 კილომეტრიანი გზა“, - განმარტა მინისტრმა.
მან საგზაო პროექტებს შორის დაასახელა სამტრედია-ზუგდიდის 4 ზოლიანი მაგისტრალიც, რომლის პროექტირებაზე ტენდერიც უკვე გამოცხადდა. მინისტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა რუსთავი - წითელი ხიდის პროექტზეც.