"დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და უახლოეს წლებში გავაგრძელებთ ინვესტირებას და გაუმჯობესებას" - მის შესახებ, გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში, GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს ჯადოსნური გადაწყვეტა, რომ ყველაფერი 2 წელში მოგვარდეს, ეს არის მიმდინარე პროცესი და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
"ჩვენ ვდგავართ გამოწვევების წინ, რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს ასევე არის მარეგულირებელი ჩარჩოების ნაწილი და როგორც ინვესტორმა, ვიცით, რომ ინვესტიციის გარკვეულ ნაწილს ამოვიღებთ. თუმცა ეს ერთი მიზანია, ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ თუ ინვესტიციებს განვახორციელებთ პრიორიტეტულ პროექტებში, მივიღებთ მოკლევადიან შედეგს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გრძელვადიანი ხედვა, რადგან მომდევნო წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ ტარიფებსა და ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს შორის ბალანსის შენარჩუნებაა საჭირო. ვიცით, რომ ტარიფი მარეგულირებლის პასუხისმგებლობაა და ის უნდა ითვალისწინებდეს იმ ინვესტიციების რაოდენობას რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ასევე საოპერაციო ხარჯებს. როდესაც ბალანსზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ, რომ წყლის ტარიფი უნდა ასახავდეს რეალურ ხარჯებს, რაც წყლის მოწოდებასთანაა დაკავშირებული. ონკანიდან რომ წყალი მოდის, ამის უკან უამრავი რესურსია, მათ შორის ადამიანური, ამ ყველაფერს კი ფასი აქვს", - ამბობს ხოსე მიგელ სანტოსი.
მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოში შემოდიოდნენ, არანაირი ეჭვი არ ჰქონდათ. არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები, მათ შორის მარეგულირებელი ჩარჩოები, რომელიც ინვესტორებისთვის გამჭვირვალე გარემოს ქმნის და გეგმების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ასევე, საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა და საკმაოდ სტაბილური ვალუტა.