ტყეების დაცვა საზოგადოების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტოს ახალი კამპანია, ტყის ეკოსისტემის გადასარჩენად – მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ტყეების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენებას და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას.
"დღეს ჩვენი ტყეების უდიდესი ნაწილი დეგრადირეგულია და მას სათანადო მოვლა და დაცვა სჭირდება. ჩვენი ახალი კამპანია - ტყის ეკოსისტემის გადასარჩენად მიზანია ის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ჩართულობა ამ პროცესში. გრძელვადიანი გეგმაც არსებობს როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ საზოგადოების ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა.
ხანდახან ჰგონიათ, რომ სანქციები სრულიად კრძალავს ტყეში ხის მოჭრას და შეშის მოპოვებას. ეს ასე არ არის, ტყე განახლებადი რესურსია და ის უნდა გამოვიყენოთ, უნდა გამოვიყენოთ გონივრულად. ქვეყნის ეკონომიკას ის აძლევს როგორც შეშას ისე, სამასალე მერქანს, თუმცა აქ არის მთავარი ამოცანა - სად, რამდენი და როგორ შეიძლება დამზადდეს. ამ ყველაფერს ეროვნული სატყეო სააგენტო უძღვება და მეტყევეების ჩართულობით უნდა მოხდეს თითოეული ხის მოჭრა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოება უფრო და უფრო ინტერესდება ტყის თემებით. ძალიან დიდი სურვილით ერთვებიან ჩვენს გარემოსდაცვით აქტივობებში და მომავალშიც ასეთ შედეგებს ველოდებით", - აცხადებს ნათია იორდანიშვილი.