საქართველო, რომელიც ბოლო ათწლეულში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით რეგიონულ ლიდერად და ისტორიული პროგრესის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბდა, კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 100,000-ზე მეტით შემცირდა, საერთაშორისო დონორების, მათ შორის, გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლა და შიდა რესურსების კლება მიღწეულ შედეგებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ბოლო მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება საქართველოში, ბოლო ათწლეულში 9%-ით შემცირდა, რითაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა. თუმცა, პროგრესის ფონზე საგანგაშოა ახალი ტენდენციები: მწეველობის გავრცელება კვლავ მაღალია (24.8%), ხოლო მოზარდებში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება გაორმაგდა ბოლო ხუთ წელიწადში და 14%-ს მიაღწია.
განსაკუთრებით საყურადღებოა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობა. გლობალური ფონდის დაფინანსებით, 2018 წლიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრში მოწევის შეწყვეტის სერვისის კუთხით უმნიშვნელოვანესი პროგრამა ხორციელდებოდა. შედეგად, ამ ჯგუფში მწეველობა 2025 წელს, 20215 წლის მონაცემებთან შედარებით, 46%-დან 37%-მდე შემცირდა.
„გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის გამო, ამ სერვისების მდგრადობის საკითხი სრულიად გაურკვეველია. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ათასობით პაციენტის ჯანმრთელობას, რადგან ტუბერკულოზით დაავადებულთათვის მოწევის შეწყვეტის სერვისის მომავალი გაურკვეველია“ - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა. მიმდინარე წელს თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების სამოქალაქო მონიტორინგის დაფინანსება 33%-ით შემცირდა. მაშინ, როცა მონიტორინგის დახმარებით ბიუჯეტში ყოველწლიურად 4-5 მილიონი ლარი შედის, მხოლოდ გასულ წელს, რეგულაციების (მათ შორის სტანდარტიზებული შეფუთვის) არაჯეროვანი აღსრულების გამო, ქვეყანამ 5 მილიონ ლარამდე დაკარგა.
პარალელურად, უკვე წელზე მეტია ჩავარდნილია საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიები, რასაც თამბაქოს ინდუსტრია ბავშვებისა და ახალგაზრდებისკენ მიმართული აგრესიული, უკანონო ინტერნეტ-რეკლამით პასუხობს.
მიუხედავად 2019 წელს დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების უმოქმედობის გამო, მოწევის შეწყვეტის საშუალებები კვლავ დღგ-თი იბეგრება და ჯერაც არ შეუტანიათ ესენციური მედიკამენტების სიაში. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს მოწევისთვის თავის დანებების მსურველი მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.
არსებული მიღწევების შესანარჩუნებლად და ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
- თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მონიტორინგის გაძლიერება: სამოქალაქო მონიტორინგით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მოცვა შესაბამისი დაფინანსების უზრუნველყოფით.
- საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია: ელ. სიგარეტებისა და ახალი პროდუქტების მავნებლობის შესახებ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყება.
- საგადასახადო ცვლილებები: ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანების დამტკიცებით მოწევის შეწყვეტის სამკურნალო საშუალებების იმპორტის დღგ-სგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება
- მედიკამენტების ხელმისაწვდომობა: მოწევის შეწყვეტის საშუალებების შეტანა ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში.
- ბიუჯეტი 2027: ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის მოწევის შეწყვეტის სერვისების შესანარჩუნებლად შესაბამისი დაფინანსებით უზრუნველყოფა.
საქართველოს აქვს უნიკალური გამოცდილება რეგიონში, თუმცა შიდა რესურსების შემცირება და დონორი ორგანიზაციების გასვლის შემდგომი გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მომავალს,"-აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.