შემოდგომა — წლის ყველაზე ფერადი და სასიამოვნო სეზონია საქართველოში მოგზაურობისთვის. ზომიერი ტემპერატურა და ფერად-ფერადი პეიზაჟები სალაშქრო თავგადასავლებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
საქართველოს ეროვნულ პარკებში დაგხვდებათ კეთილმოწყობილი მარკირებული ბილიკები, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ადგილები — ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენი მოგზაურობა იყოს კომფორტული და დაუვიწყარი.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბილიკი და და გაემგზავრეთ შემოდგომის ფერებში ჩაფლულ თავგადასავლებში.
- ალგეთის ეროვნული პარკი / სამეფო ქედის ბილიკი
თბილისიდან ერთი საათის სავალ მანძილზე მდებარე ალგეთის ეროვნული პარკი შესანიშნავი ადგილია შემოდგომის პეიზაჟების აღმოსაჩენად. „სამეფო ქედის“ ბილიკი 16 კილომეტრიან წრიულ მარშრუტს გთავაზობთ. საფეხმავლო გზა მარტივია, მაგრამ შთაბეჭდილება — დაუვიწყარი: ფერადი ტყეები, მშვიდი მდინარე და მზით განათებული მთაგორიანი პეიზაჟები ამ მოგზაურობას ნამდვილ შემოდგომის ზღაპრად აქცევს.
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი / ლიკანის ხეობის ბილიკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დალაშქვრა, წელიწადის ნებისმიერ დროს კარგი იდეაა, თუმცა ახლანდელ სეზონს, შემოდგომას, თავისი ხიბლი აქვს - ოქროსფერი ტყეები და სუფთა ჰაერი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. „ლიკანის ხეობის“ ბილიკი ჩითახევის ქედზე მიგიყვანთ, საიდანაც საოცარი ხედები იშლება. აქ შეგიძლიათ როგორც ფეხით, ისე ცხენით იმოგზაუროთ და ისიამოვნოთ ბუნების სიმშვიდით, მყუდრო გარემოთი და პარკის მრავალფეროვანი ეკოსისტემით.
- ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები / ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკი
ნინოსხევის ჩანჩქერისკენ მიმავალი ბილიკი ნამდვილი თავგადასავალია. გზა გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება და მდინარე ნინოსხევს მიუყვება. პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები და ტყის სიგრილე ამ ადგილს ჯადოსნურ იერს სძენს. გზის ბოლოს კი მთავარი სანახაოვბა — 40-მეტრიანი ჩანჩქერი გელით, რომლის ხილვა თითქოს სხვა სამყაროში მოგზაურობას ჰგავს.
- ჯავახეთის ეროვნული პარკი / ბუღდაშენის ტბის ბილიკი
ჯავახეთი — ტბების და ვულკანური მთების მხარეა, სადაც ყოველი ნაბიჯი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გიქმნის. ბუღდაშენის ტბის წრიული მარშრუტი სოფელ გორელოვკადან იწყება და ზღვის დონიდან 2040 მ-ზე, ტბის ნაპირებს მიუყვება. გზად შეგიძლიათ დუხობორების ფერადი არქიტექტურა მოინახულოთ. ბუღდაშენის ტბა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისთვის. ტბის სანაპიროზე მოწყობილი სათვალთვალო კოშკურა და საპიკნიკე სივრცე მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
- ვაშლოვანის ეროვნული პარკი / არწივის ხეობის ბილიკი
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული პეიზაჟების მქონე ადგილია, სადაც მშრალი სტეპები, კლდეები და მისტიკური სილამაზე ერთმანეთს ერწყმის. არწივის ხეობის ბილიკი 7-8 კილომეტრიანია და კლდოვან რელიეფზე გადის, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება. შემოდგომა აქ იდეალური დროა მოგზაურობისთვის — იდეალური ტემპერატურა, ბუნების სიმშვიდე და უკიდეგანო სივრცე.
- კინტრიშის ეროვნული პარკი / ხინოს ჩანჩქერის ბილიკი
კინტრიშის ეროვნული პარკი ქობულეთთან ახლოს მდებარეობს და კოლხური ტყეების სილამაზითაა ცნობილი. ხინოს ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკის დალაშქვრას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება და გზად ენდემური მცენარეებითა და უძველესი ხეებით გარშემორტყმულ ხეობას მიუყვება. ჩანჩქერის ხმა და სუფთა ჰაერი ამ ადგილს განსაკუთრებულად ამაღელვებელს ხდის.
- მტირალას ეროვნული პარკი / წაბლნარას ბილიკი
მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი ადგილია საქართველოში, ნამდვილ ტროპიკულ ჯუნგლებს ჰგავს. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ერთდღიანი ბილიკით, პიკნიკით კოცონთან, ზიპლაინით და თოკების პარკის ატრაქციით. წაბლნარას ბილიკის ღირსშესანიშნაობებია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 20 მეტრამდეა და კლდეებს შორის მდინარის მორევისგან შექმნილი ტბა. ჩანჩქერთან, ველური ბუნებაში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი, ხოლო ტბასთან საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.
- მაჭახელას ეროვნული პარკი / მთავარანგელოზის ბილიკი
მაჭახელას ეროვნული პარკი აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. აქ ისტორია, კულტურა და ბუნება ერთმანეთს ერწყმის. წაბლის, წიფლისა და რცხილის ხეები მთავარანგელოზის მთის ბილიკზე თქვენი მთავარი მეგზურები იქნებიან, მთიდან კი საოცარი პანორამული ხედებით დატკბებით. მაჭახელას ხეობის მთავარი ხიბლი მისი ულამაზესი ბუნებისა და ადგილობრივი მოსახლეობის თანაცხოვრებაა, რომელიც საოცარ ისტორიასა და კულტურას ქმნის, რაც ნათლად აისახება თითოეულ ოჯახსა და ადამიანში.
- აჯამეთის დაცული ტერიტორიები / ვარციხე–საიმედოს ბილიკი
ქუთაისიდან 15 კილომეტრში მდებარე აჯამეთის აღკვეთილი შესანიშნავი ადგილია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. 14-კილომეტრიანი წრიული ბილიკი შესაფერისია ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვის. აჯამეთის აღკვეთილის უძველესი მუხნარი განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს შეგიქმნით.
- ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი / მუცოს ბილიკი
ფშავ-ხევსურეთი — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარეა. მუცოს ბილიკზე მოგზაურობა ისტორიისა და ბუნების ერთიანობას გაგრძნობინებთ. თუ გსურს დრო სასიამოვნოდ გაატარო ველურ ბუნებაში, დატკბე ულამაზესი მდინარეებით დასერილი მთებისა და ხმაურიანი ხევების ყურებით და ამავდროულად ეზიაროთ გამორჩეულ კულტურულ მემკვიდრეობას, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, სწორედ რომ ასეთი სანახაობას გპირდებათ.
საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია parks.ge.
- Android: https://bit.ly/3UvQtB5
- IOS: https://apple.co/3SmtjeL
აღმოაჩინეთ საქართველოს უნიკალური ბუნება და შეიქმენით დაუვიწყარი მოგონებები.