საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა და საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა ინსპექტირება 200-მდე კომპანიასა და ობიექტზე განახორციელეს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
მიმდინარე წლის შვიდ თვეში, 41 კომპანიაში განხორციელდა 181 საინსპექციო კონტროლი, რომლის მიზანია სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენა. აღებული 479 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 4 კომპანიის 9 ნიმუშში.
სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, 5 კომპანიაში განხორციელდა 15 შემოწმება, რომლის მიზანი საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 79 ობიექტი, სადაც დარღვევა 43 კომპანიის 63 ნიმუშში დაფიქსირდა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ ინსპექტირება 60 კომპანიაში განხორციელდა. აღებული 223 ნიმუშიდან დარღვევა 7 კომპანიის 11 ნიმუშში გამოვლინდა.