logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ჩვენი მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლებაა" - "ჩვენი სათბურები საგარეჯოში"

ახალი სასათბურე მეურნეობა საგარეჯოში უკვე რამდენიმე თვეა ადგილობრივ მოსახლეობას ბიო პროდუქტით ამარაგებს. სათბურები სულ რამდენიმე თვეა აშენდა, სადაც ამ ეტაპზე ორნაირი კიტრი მოჰყავთ, ასევე ღია გრუნტზე სალათის ფურცელი.

"ჩვენი სათბურები საგარეჯოში"-ის დამფუძნებელი, დოდო გულისაშვილი "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს, რომ მეურნეობა 1.2 ჰექტარ ფართობს მოიცავს, თუმცა ჯერ მხოლოდ ნაწილია ათვისებული.

"სამომავლოდ მთლიანი ტერიტორიის ათვისებას ვგეგმავთ, გაზაფხულზე გვინდა, რომ საჩითილე მეურნეობა გავაკეთოთ და ღია გრუნტიც სრულად ავითვისოთ, სადაც ახალ კულტურებს გავაშენებთ, რაც რეალიზაციის არეალის გაფართოებაშიც დაგვეხმარება, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. მეურნეობაში ბიო მეთოდებს ვიყენებთ, ჯერ არ გვაქვს ბიო სერტიფიკატი, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ამაზე,“-ამბობს დოდო გულისაშვილი.

მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლებაა.

"ფასი საკმაოდ არასტაბილურია, რადგან დიდი რაოდენობით შემოდის იმპორტირებული საქონელი, მაგრამ ვცდილობთ ჩვენი ფასი გვეჭიროს ბაზარზე"- განაცხადა დოდო გულისაშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში განხორციელდა, ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 ათას ლარზე მეტია.

გამოგვყევით