ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა ყურადღება.
დავით სონღულაშვილმა, მიმდინარე წლის სექტემბერში ავი დიხტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საქართველოში გამართული შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ ქვეყანას შორის ძლიერი პარტნიორობა. მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვან საუბარს ვაგრძელებთ ისრაელში, რომელიც არის სოფლის მეურნეობის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და კვლევის გლობალური ლიდერი სახელმწიფო. ეს საპასუხო ვიზიტი გამოხატავს ჩვენ ორმხრივ ვალდებულებას, რომ საქართველო-ისრაელის პარტნიორობა ახალ სტრატეგიულ დონეზე ავიდეს. საქართველო აფასებს ამ მეგობრობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ჩვენს ფერმერებს, მკვლევარებს, ბიზნესებსა და მოქალაქეებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას, რამდენიმე სფეროზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო მზადაა პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსები; შენახვა, გადამუშავება და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები; სათბურები; აკვაკულტურის ტექნოლოგიები; სასურსათო პოლიტიკისა და სურსათის უვნებლობის სფეროში თანამშრომლობა; ლაბორატორიული მეთოდოლოგიებისა და კვლევების კრიტერიუმების განვითარება; ინოვაციური ტექნოლოგიები. დავით სონღულაშვილმა აგრარული დარგის მიმართულებით სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების და ერთობლივი სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ავი დიხტერმა მადლობა გადაუხადა დავით სონღულაშვილს ისრაელის სახელმწიფოში საპასუხო სამუშაო ვიზიტისთვის და ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის და იმპორტ-ექსპორტის პოტენციალის ათვისების ტენდენციაზე. ავი დიხტერმა სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ხელი მოაწერეს განზრახულობათა დეკლარაციას, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის ძირითადი საკითხები გამოიკვეთა, როგორებიცაა სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის გაფართოება, სურსათის უსაფრთხოება, თანამედროვე საირიგაციო სისტემების დანერგვის ხელშეწყობა, თანამედროვე ბაღების გაშენება, გამოცდილების გაზიარება ჭკვიანი ფერმერული მეურნეობების მართვის სისტემების თვალსაზრისით, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, თანამშრომლობა ვეტერინარულ სფეროში, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგის მიმართულებით, სურსათის უვნებლობა, მათ შორის ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო ქმნის ახალი და ამბიციური ერთობლივი ინიციატივების შესანიშნავ საფუძველს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.