ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული ღვინის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და მსოფლიო რუკაზე ხარისხიან პროდუქტად იყოს წარმოჩენილი, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორმა მარიამ მეტრეველმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ყოველი წლის 8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე მასშტაბურად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, თუ რაოდენ პატივს სცემს ქვეყანა ქართულ ღვინოს.
"ღონისძიება სამ ნაწილად განხორციელდება. პირველი ნაწილი დაეთმობა სამეცნიერო კონფერენციას, მეორე ნაწილი იქნება საფესტივალო ღონისძიება, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება და ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის იქნება ხელმისაწვდომი და დაგვირგვინდება გალა მიღებით, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
ღონისძიებაზე განიხილება ახალი ბაზრების გამოწვევები და იმ ზრდა ექსპორტს, რომელიც მაგალითად, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა, რომ 51 ქვეყანაში 17.3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.
საფესტივალო ფორმატში 40-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გაიმართება დეგუსტაციები, მოეწყობა ღვინის ბარები და ასევე, გამოფენა-გაყიდვა, რომლის ფარგლებში როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტები შეძლებენ ღვინის დაგემოვნებასა და შეძენას. ღონისძიებაზე წარმოდგენილია როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო მეწარმეები", - აცხადებს მარიამ მეტრეველი.