გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ საქართველოს მთავრობის უწყებებთან ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროსა და საერთაშორისო განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებთან 2026-2030 წლების ქვეყნის პროგრამული ჩარჩოს (CPF) განსახილველად გამართა.
„მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას წლების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. FAO-ს მხარდაჭერა განსაკუთრებულ როლს ასრულებს აგროსექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის და თანამედროვე, მდგრადი მიდგომების დანერგვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პროგრამული ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია სამინისტროს პრიორიტეტებთან და ქმნის სამომავლო ეფექტიანი თანამშრომლობის მყარ საფუძველს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის, რაიმუნდ იელეს განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნის პროგრამული ჩარჩოს წარმატებით განხორციელებისთვის. მისი თქმით, პარტნიორებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პრიორიტეტების ეფექტიანად განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პროგრამული ჩარჩო (CPF) განსაზღვრავს FAO-ს პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლის ფარგლებში 2026–2030 წლებში, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს საქართველოში აგროსასურსათო სისტემების მდგრად ტრანსფორმაციას, სოფლის განვითარების გაძლიერებას, ასევე კლიმატგამძლე, ინკლუზიური და გარემოსდაცვითად მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას.
CPF-ის შედეგები სრულად გამომდინარეობს საქართველოს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოდან (UNSDCF) 2026–2030, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ანალიზს, მრავალმხრივ კონსულტაციებს და წინა CPF ციკლების (2016–2020 და 2021–2025) გამოცდილებას.
კონსულტაციაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში მამუკა მესხი და სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.