"მეღვინეობა ჩელთი" ბრიტანეთის ბაზარზე დაბრუნდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა, ღვინო HORECA სექტორში - რესტორნებსა და სასტუმროებში იყიდება.
გარდა ამისა, ანა მირიანაშვილის განცხადებით, ღვინო ექსპორტზე ჯამში 27 ქვეყანაში გადის. კომპანიის სამომავლო გეგმებში ამერიკის ბაზრის გაფართოებაც არის.
"სიახლე გვაქვს გერმანიის და ჩინეთის ბაზარზე, სადაც ახალი ხელშეკრულებები გავაფორმეთ. ამას გარდა აპრილში ამერიკაში მივდივართ. ბოსტონში გვაქვს პრეზენტაციები და დეგუსტაციები. მასაჩუსეტსის შტატში გავაფორმეთ ერთ-ერთ დიდ სადისტრიბუციო კომპანიასთან ხელშეკრულება და დანიშნული გვაქვს ქართული ღვინის კლასები სხვადასხვა ექსპერტისთვის. ვაპირებთ ნიუ-იორკის და კალიფორნიის შტატში გავზარდოთ გაყიდვები.
ცოტა ხნის წინ დავბრუნდით გერმანიიდან, სადაც გაიმართა გამოფენა და ჩვენ ჯამში 8 ჯილდო მივიღეთ, მათ შორის, 6 ოქროს მედალი და 2 ვერცხლი. გერმანიაში 2 ძალიან მნიშვნელოვან ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელში შევედით", - განაცხადა მირიანაშვილმა.
კომპანია "ჩელთი" ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე "მეღვინეობა ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.