logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"მნიშვნელოვანია წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და აღრიცხვიანობის გაუმჯობესება" - გიგლა თამაზაშვილი

"მნიშვნელოვანია წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და აღრიცხვიანობის გაუმჯობესება" - გიგლა თამაზაშვილი

1774424175

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დარგში არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თევზის დაავადებების მართვას, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, სპეციალისტების გადამზადებას, ასევე, სახელმწიფო პროგრამებში აკვაკულტურის სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებას.

„აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც დარგში არსებობს, მათ შორის, წყლის ტარიფების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ლაბორატორიული მომსახურების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება და განსაზღვრულ ვადებში ვიმუშავებთ ეფექტიანი შედეგების მისაღწევად“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საირიგაციო მომსახურების ახალ ტარიფებსა და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმებს. აღინიშნა, რომ სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება.

„სახელმწიფო სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის 80%-ს დაასუბსიდირებს. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერები მელიორაციასთან გააფორმებენ ხელშეკრულებებს, ჩვენი მხრიდან იქნება ვალდებულება, რომ წყლის მიწოდება განხორციელდეს სისტემატურად და მოწესრიგდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამასთან, მნიშვნელოვანია წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და აღრიცხვიანობის გაუმჯობესება“,- განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის სექტორის განვითარების მიმართულებით სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ფერმერებთან და დარგის წარმომადგენლებთან. დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე დანერგილია თევზის დაავადებების თანამედროვე კვლევის მეთოდები, რაც უზრუნველყოფს დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის შედეგები.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით