ყაზახეთში, ქალაქ ალმათში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სამომავლო გამოწვევები“ სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და ბიოუსაფრთხოების ოფიცერი ანა კეკელიძე მონაწილეობდნენ.
კონფერენცია საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC), ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციისა (BACAC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში, განხილვის თემები იყო: მიღწევები სინთეზურ ბიოლოგიასა და გენის რედაქტირებაში (მაგ:CRISPR-Cas9), ხელოვნური ინტელექტის როლი ბიოინჟინერიასა და პათოგენების დიზაინში, ბიოლოგიური საფრთხეების გააზრება, ბიოტექნოლოგიის დემოკრატიზაცია და გენური ინჟინერიის ინსტრუმენტებზე წვდომა, კლიმატის ცვლილების გავლენა დაავადებათა მეთვალყურეობასა და ბიოუსაფრთხოებაზე, ეთიკური და სამართლებრივი გამოწვევები ბიოუსაფრთხოებაში.
ალმათში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის ექსპერტები, მკვლევრები და ლაბორატორიების ხელმძღვანელები ცენტრალური აზიიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. დარგის სპეციალისტებმა ბიოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებულ უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციურ მიდგომებს რისკების შესამცირებლად.
მსგავსი სახის კონფერენციაში მონაწილეობა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, გაიზიაროს საუკეთესო და გამოცდილი პრაქტიკები ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის სფეროში.