ქართული ჩაი ისტორიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე გამოწვევებს შორის ახალ გზას იკვლევს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ მასშტაბებში ჩვენი წილი თვალსაჩინო არ არის, დარგის განვითარების ახალ იმპულსს აყალიბებს ახლადდაფუძნებული კოლექტიური მარკეტინგული ორგანიზაცია - „საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“ (GRT). ინიციატივა, რომელიც 35-მდე ჩაის მწარმოებელსა და სექტორის ასოციაციების ხელმძღვანელებს აერთიანებს, მიზნად ისახავს ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას, რესურსების კონსოლიდაციას და ქართული ჩაის ერთიანი, ძლიერი იდენტობით საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებას. ადგილობრივი მწარმოებლების ეს ახალი თაობა ერთიანდება, რათა ხარისხით, უნიკალურობითა და კოლექტიური ძალისხმევით ქართულმა ჩაიმ დაკარგული პოზიციები დაიბრუნოს.
„საქართველო - ჩაის რესპუბლიკამ“ დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც წარმოადგენს ქართული ჩაის სექტორის ერთიან საკომუნიკაციო და ბაზრის განვითარების პლატფორმას. პროგრამა ითვალისწინებს ხუთ ღონისძიებას, რაც მიზნად ისახავს თანმიმდევრულ კამპანიას, რომელმაც უნდა გააძლიეროს ქართული ჩაის ცნობადობა, შექმნას ახალი მოთხოვნა, დააკავშიროს მწარმოებლები HORECA-სა და retail-თან, გააფართოოს ორგანული და პრემიუმ პოზიციონირება და სექტორის გარშემო გააერთიანოს სახელმწიფო, განვითარების პარტნიორები, ბიზნესი, მედია და მომხმარებელი. პროგრამის განხორციელება დაიწყო დეგუსტაცია-მასტერკლასით „თაფლი და ჩაი - ქართული ტერუარის ჰარმონია“. ღონისიების მიზანი იყო ქართული ჩაის დაკავშირება ქართულ გასტრონომიასთან, პრემიუმ HORECA-სთან, თაფლთან, ტურიზმთან და specialty food სექტორთან.

იმისათვის, რომ სექტორში არსებული გამოწვევები და რეალური სურათი უკეთ დავინახოთ, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ამ საქმის ისტორიას.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი კომპანია "ოქროს ფოთლის" დირექტორი ირაკლი ცერცვაძე აცხადებს, რომ გაერთიანება, რომელიც შეიქმნა, ძალიან კარგ შედეგს მოუტანს ქართველ მწარმოებლებს.

"გაერთიანების საშუალებით, ქართული ჩაის პოპულარიზაცია გაცილებით უფრო მარტივია. გაერთიანება აორგანიზებს შეხვედრებს და ღონისძიებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი შეხვედრები უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ქართველმა საზოგადოებამ გაიცნოს ქართული პროდუქტი, რომელიც დღეს საქართველოში იქმნება და ძალიან მაღალი ხარისხისაა. ჩვენ გვინდა, მომხმარებლამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რომ საქართველოში არსებობს და იქმნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ჯერ ფართო მასებისთვის, სამწუხაროდ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ყოველწლიურად დარგი წინ მიდის და მსგავსი შეხვედრები და ეს გაერთიანება ამაში ძალიან დაგვეხმარება. სამწუხაროდ აქამდე დარგში მძიმე სურათი იყო, არ ხერხდებოდა არც დონორის მოძიება და ძალიან რთული იყო ყურადღების მიქცევა, რადგან დარგი იყო გაჩერებული. ბოლო 6 წელია რაც დაიწყო დარგმა გამოცოცხლება და ეს ყოველწლიურად შესამჩნევი ხდება. საბოლოოდ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტთან (LEDP) თანამშრომლობამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სახის ღონისძიებები დაგვეგეგმა. ამ შეხვედრებმა ვფიქრობ, რომ თავისი დადებითი
შედეგები უნდა მოიტანოს და ასეც იქნება",- აცხადებს ირაკლი ცერცვაძე.
დარგის გააქტიურებასა და საერთო მიზნებზე საუბრობს "საქართველო – ჩაის რესპუბლიკის" გაერთიანების კიდევ ერთი წევრი, კომპანია "გრინ გოლდის" დირექტორი ნიკა სიორიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მიზანი საერთო ბრენდის შექმნაა.
"ჩაის მწარმოებლების და საზოგადოების ხშირი შეხვედრები ძალიან კარგია, რადგან მწარმოებლები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სეზონის ბოლოა და ერთმანეთს ჩვენს პროდუქციას ვაცნობთ და ვაგემოვნებინებთ, შენიშვნებს და რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ჩვენი ხედვები და საერთო აზრამდე მივიდეთ. ჩვენ დიდი ხნის წინ გვინდოდა მსგავსი გაერთიანების შექმნა, თუმცა კონკრეტიკაზე 2 წლის წინ გადავედით, როდესაც მივხვდით, რომ საჭირო იყო ახალი ასოციაციის დაფუძნება "საქართველო - ჩაის რესპუბლიკა" ჩვენ გვინდოდა, ისეთი ასოციაციის გაკეთება, რომელიც რამე სიახლეს შემოიტანდა ქართული ჩაის სექტორში. სწორედ ამ ასოციაციაში ერთიანდებიან მეჩაიეები და სხვა ასოციაციის დამფუძნებლებიც, ერთობლივად კი უფრო მეტად შეგვიძლია სამინისტროსთან ურთიერთობა, დონორებთან ურთიერთობა, სავაჭრო პალატებთან და ა.შ. ცალკეულად ეს რთულია, თუმცა გაერთიანებით გაცილებით მარტივდება ეს საკითხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, პირველ რიგში მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ ქართული ჩაი არსებობს და რომ ის უნიკალურია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული შედეგები წლების წინაც გვქონდა, ჩემი კომპანიის ჩაი და არამარტო ჩემი კომპანიის უკვე იყიდება, გერმანიაში, საფრანგეთში და ჩეხეთში. გერმანიაში ჩვენ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის (LEDP) ხელშეწყობით ვიყავით, სადაც ჩატარდა ქართული ჩაის კონგრესი, რომელზეც შევხვდით უმსხვილეს იმპორტიორებს და უკვე ერთ-ერთ შეკვეთას ვამზადებთ. ჩვენ ვცდილობთ ერთობლივად მოვერგოთ მათ მოთხოვნებს, შესაძლოა რამდენიმე საწარმოც კი გავერთიანდეთ და ასე მივაწოდოთ მათ ის რაც სურთ. ისინი ხვდებიან, რომ შესაძლოა რაღაც უნიკალური და განსხვავებული მიიღონ",- აცხადებს ნიკა სიორიძე.

პროგრამის მეორე ღონისძიება იყო დეგუსტაცია-ლექცია „ქართული ჩაის აღორძინება და თანამედროვე რიტუალები“. შეხვედრის მიზანი იყო ქართული ჩაის თანამედროვე ცხოვრების წესთან დაკავშირება და ახალი თაობის HORECA, creative, technology და lifestyle აუდიტორიის მოზიდვა.
იმისათვის, რომ მწარმოებელთა ეს ინიციატივები გლობალურ კონტექსტში სწორად შეფასდეს, აუცილებელია დარგის აკადემიური და სტრატეგიული ხედვის გათვალისწინება. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი თემურ რევიშვილი მწარმოებლების გაერთიანებას სწორ სტრატეგიად მიიჩნევს.
მისი თქმით, აუცილებელია მწარმოებლებმა საერთო ენა გამონახონ, რადგან ეს წარმატების ერთ-ერთი საწინდარი იქნება.
"მსოფლიოში წლიურად 7.4 მილიონ ტონაზე მეტი ჩაი იწარმოება, საიდანაც ნახევარზე მეტი ჩინეთზე მოდის, რომელსაც ძირითადად შიდა მოხმარება აქვს. შემდეგ მოდიან ინდოეთი და კენია, რომლებიც უმეტესად შავ ჩაის აწარმოებენ. ამ გლობალურ მოცულობაში საქართველოს წილი პროცენტის ათასედებს შეადგენს და სტატისტიკურ ცდომილებაშიც კი ძნელად ჯდება. ბუნებრივია, ჩვენ მათ მასშტაბებში კონკურენციას ვერასოდეს გავუწევთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას თითო მწარმოებელი ცდილობს. ამიტომ, ადგილობრივმა მწარმოებლებმა, უნდა მონახონ საერთო ენა. საერთაშორისო სავაჭრო ჰაბებში, როგორიცაა, მაგალითად, ჰამბურგი, მყიდველი მცირე პარტიებზე არ გელაპარაკება. მათ სჭირდებათ სტაბილური, დიდი მოცულობის მიწოდება, პროდუქციის ერთგვაროვანი ხარისხი და მოწოდების უწყვეტი გრაფიკი, სწორედ ეს უნდა უზურნველყონ გაერთიანებაში მყოფმა პირებმა.
თუ ქართველი მწარმოებლები გაერთიანდებიან, შეძლებენ სტანდარტიზებული პროდუქტის შექმნას და საერთაშორისო ბაზარზე ერთობლივად გასვლას, ეს მათთვის რეალურ მოგებას მოიტანს. ქართულ ჩაის საერთაშორისო ბაზარზე ნამდვილად აქვს დიდი მომავალი",- აცხადებს თემურ რევიშვილი.
ქართული ჩაის სექტორის წინაშე დღეს უნიკალური შესაძლებლობაა. მცირე მეურნეობებისა და ცალკეული მწარმოებლების ერთობლივი ძალისხმევა, საერთო ბრენდის შექმნა და გლობალური სტანდარტებისკენ სწრაფვა იმის დასტურია, რომ დარგი წარსულის გამოწვევებს ტოვებს და ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის. როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები ერთ ხმაზე საუბრობენ, აერთიანებენ რესურსებს და მზად არიან მსოფლიო ბაზრის მსხვილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტაბილური და უწყვეტი მოწოდება უზრუნველყონ, ქართული ჩაის დაბრუნება საერთაშორისო რუკაზე რეალურ პერსპექტივად იქცევა. ერთიანობა ძალაა - და როგორც ჩანს, ქართული ჩაის რენესანსი სწორედ ამ მტკიცე საფუძველზე იწყება.
„საქართველო - ჩაის რესპუბლიკა“ (GRT) არის კოლექტიური მარკეტინგული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 35 ჩაის მწარმოებელსა და ასევე სხვა ასოციაციის ხელმძღვანელებს. ორგანიზაცია ჩაის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებისა და ქართული ჩაის ერთიანი იდენტობით პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. "ჩაის რესპუბლიკის" წევრი ქართული ჩაის მწარმოებლები საერთო ბრენდის შექმნას გეგმავენ.