logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები COP17-ზე განიხილეს

1793278901

ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 სხდომის (CBD COP17) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტმა საქართველოს პავილიონში, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებისა და მათი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, თემატური ღონისძიება გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია, დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი ეტაპები, მონაცემთა დამუშავებისა და ხარისხის კონტროლის მიდგომები, ასევე საქართველოს ტყეების მდგომარეობის შესახებ მიღებული შედეგები წარმოადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღრიცხვის მონაცემების გამოყენების შესაძლებლობებზე ტყის პოლიტიკის განსაზღვრის, ტყის მდგრადი მართვის, საერთაშორისო ანგარიშგებისა და სამომავლო მონიტორინგის პროცესებში.

„COP17-ის ფარგლებში სამინისტრომ საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ვინაიდან ეს პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად განხორციელდა, ღონისძიებამ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებში. დაინტერესება გამოიწვია ასევე იმ ტექნიკისა და ინსტრუმენტების გაცნობამ, რომლებიც აღრიცხვის პროცესში გამოვიყენეთ. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა ტყის ბიომასის, ბიომრავალფეროვნებისა და სახეობრივი შემადგენლობის შესახებ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა ქვეყნის ტყის რესურსების, მათი მდგომარეობისა და ეკოლოგიური მახასიათებლების კომპლექსური შეფასების მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც საველე კვლევებს, სატელიტურ მონაცემებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა 2019-2021 წლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. ამ პროექტით საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტყეების შესახებ მსგავსი მასშტაბის მონაცემები ეროვნულ დონეზე მოიპოვა.

ღონისძიებას, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც  აღრიცხვის პროცესში ორგანიზაციის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

კითხვა-პასუხის სესიის და დისკუსიის დროს, მონაწილეებმა და მომხსენებლებმა ტყის მდგრადი მართვისა და აღრიცხვის შედეგების პრაქტიკული გამოყენების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით