logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქართველოში წარმოებულ კაკალს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო ბაზრებზე პრემიუმ პროდუქტის ნიშა დაიკავოს - "ანიგოზი"

წელს, საქართველოში კომერციული ბაღებიდან მიღებული კაკლის მოსავალი 5000-5500 ტონას გადააჭარბებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზის“ თანადამფუძნებელმა, ანა ქევხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ კაკლის რთველი ქვეყანაში უკვე საფინალო ეტაპზეა და დაახლოებით, 1 კვირის ვადაში დასრულდება.

„შეიძლება ითქვას, რომ 2026 წელი ქართული კაკლის ინდუსტრიისთვის წარმატებული აღმოჩნდა და კომერციული მოსავლის თვალსაზრისით, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ველოდებით, რომ მომავალ წელს მოსავლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან კაკლის ბაღების დიდი ნაწილი ახალი გაშენებულია და ჯერ სრულ მსხმოიარობაში შესული არ არის“, - განმარტა ანა ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში კაკლის კომერციულ ბაღებში, ძირითადად, ამერიკული - ჩენდლერის ჯიშის კაკალია გაშენებული, რომელიც მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა.

„ანიგოზის“ თანადამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ადგილობრივად წარმოებული კაკლის ხარისხობრივ და გემოვნურ თვისებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქტს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო ბაზრებზე პრემიუმ პროდუქტის ნიშა დაიკავოს.

როგორც ანა ქევხიშვილი აცხადებს, ამჟამად, ქართული კაკლის რეალიზაცია, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე და მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ - სომხეთსა და აზერბაიჯანში ხდება. თუმცა, მომდევნო წლებში, მეკაკლე ფერმერები მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, საექსპორტო არეალის გაფართოებას განიხილავენ.

გამოგვყევით