logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

Srout - უსაფრთხო მარშრუტისთვის საჭირო აპლიკაცია 2025 წელს ამოქმედდება

Safe Rout (Srout) უსაფრთხო მარშრუტისთვის საჭირო აპლიკაციაა, რომელიც 2025 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა ანანო ფილფანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიმართ დაინტერესება არის, რადგან უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. 

"აპლიკაციაში მომხმარებელი ქმნის მარშრუტს, ნიშნავს გადაადგილების წერტილებს, წერს მის სახელწოდებას და იწვევს მეგობრებს. მარშრუტის დაგეგმვის შემდეგ მომხმარებელი უთითებს თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გააქტიურდეს ხმოვანი სასიგნალო სასწრაფო დახმარების შეტყობინება. სიგნალის გამორთვა ხმოვანი შეტყობინებითაც შეიძლება. Srout-ს აქვს 2 ეტაპიანი სასწრაფო დახმარების სისტემა: პირველი სიგნალის 5 წთ-ში არ გამორთვის შემთხვევაში შენი ლოკაცია ეგზავნება ჯგუფის ყველა წევრს, თუ შემდეგ 10 წთ-ში არ გამოირთო სიგნალი ინფორმაცია ეგზავნება გადაუდებელ დახმარებას.

თუ ვერ მოძრაობთ, ხართ გადაუდებელ სიტუაციაში, საუბარი არ შეგიძლიათ ან ხართ რისკის ქვეშ, თქვენი ლოკაცია ავტომატურად ციკლის დასრულების შემდეგ ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გაზიარდება გადაუდებელ დახმარებასთან და 24-48 სთ-ის ნაცვლად 15 წთ-ში იქნება გადარჩენის სამუშაოები დაწყებული. აპლიკაცია მინიმუმ 96-ჯერ ზრდის  სიცოცხლის გადარჩენის შანსს. მომხმარებელს აქვს ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც გადაადგილდება (მეწყერი, ზვავი, ამინდის სიხშირე - ისტორიის მიხედვით). პროცესი არის სრულიად ავტომატური.

Srout აპლიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია მოგზაურებისთვის, მთამსვლელებისთვის თუ ტურისტებისთვის, მაგრამ არსებობს მარშრუტები, სადაც ტელეფონის გამოყენება არაეფექტურია, რადგან მალე ჯდება და მასზე ტემპერატურა მოქმედებს, შესაბამისად, 1 თვეა დავიწყეთ მუშაობა სამაჯურებზე, რომელიც უკავშირდება ტელეფონს, გადმოაქვს ყველა სახის ინფორმაცია და მაშინაც კი მუშაობს, როდესაც ხაზზე არ ხარ. ჩვენ ვგეგმავთ Srout-ის პროდუქტის ხაზში აპლიკაციის შემდგომ კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის სამაჯურები ჩავუშვათ.

აღნიშნული აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს. 2025 წელს აპლიკაცია სრულად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ სხვა ბაზრებზეც გავიდეთ. კერძოდ, ვფიქრობთ, რომ 2026 წელს ავითვისებთ კავკასიის რეგიონს, ხოლო 2027 წელს გვინდა, რომ ევროპის ტერიტორიაზეც გავიდეთ. პირდაპირ მომხმარებლად მოვიაზრებთ 4 მილიონ ადამიანს. აქედან, საქართველოში მოვიაზრებთ ამ ბაზრის 1.3 %-ს, კავკასიაში 2.6%-ს და ევროპაში 38.2%-ს", - აცხადებს ანანო ფილფანი.

მისივე ინფორმაციით, აპლიკაციით სარგებლობის ღირებულება ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის 3-15 დოლარი (ექვივალენტი ლარში) იქნება, ხოლო კომპანიებისთვის 30-100 დოლარამდე.

ცნობისთვის, GITA-ს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულია.

გადაცემები

გამოგვყევით