logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Kavtiskhevi Resort: აქტიური სეზონია, ამ დროისთვის სასტუმროს დაახლოებით 80% დატვირთულია

სასტუმრო Kavtiskhevi Resort-ის  დამფუძნებელი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი  ზაფხულის საკურორტო სეზონის ტენდენციებზე  „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი ინფორმაციით,ზაფხულის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს.  ამ დროისთვის სასტუმროს დაახლოებით 80% დატვირთულია, სტუმრების  უმრავლესობა კი ადგილობრივია. 

„სასტუმრო მდებარეობს მდინარე კავთურის მარჯვენა და მარცხენა  სანაპიროზე.ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი სასტუმრო არის თბილისთან ძალიან ახლოს, ერთ-ერთი ბენეფიტიც ეს არის. ამ დროისთვის ათვისებული გვაქვს თბილისი, რუსთავი,მცხეთა,  გორის რაიონის დიდი ნაწილი და შემოგარენი.  მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სასტუმროში არსებული ინფრასტრუქტურით, მათ შორის ცეცხლის აბაზანებით, რომელიც 24 საათის განმავლობაში ანთებულია.  

სასტუმრო არის პატარა, თუმცა ყველა პირობაა შექმნილი მოემსახუროს საქმიანი ტურიზმის მიმართულებასაც. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ერთდროულად 30-40-კაციან ჯგუფებსაც ვუმასპინძლოთ,“- აცხადებს ხაჩირაშვილი.

მისივე განმარტებით, კომპანიის გაყიდვებში MICE ტურიზმის მიმართულებას დაახლოებით 15% უჭირავს.

„საკმაოდ დიდი ინტერესია კორპორატიული კუთხით, მათ შორის ინტერესია ბანკების და სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების მხრიდან. ატარებენ სემინარებს და ა.შ. უნდა გამოვყოთ ის, რომ კავთისხევი არის  უფლისციხის ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს და ძალიან ხშირია აქ ტურისტის მოდინება,“-აცხადებს ნიკოლოზ ხაჩირაშვილი.

Kavtiskhevi Resort-ის  დამფუძნებელი აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია კომპლექსის კიდევ უფრო გაფართოება. განიხილება აგრობიზნესის კუთხით განვითარებაც.

შეგახსენებთ, Kavtiskhevi Resort-ი  კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს 10 ნომრიან, საოჯახო ტიპის სასტუმროს, რესტორანს, ორ გარე აუზს. Kavtiskhevi Resort-ი  2022 წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ამოქმედდა.

გამოგვყევით