„რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ზამთრის კურორტებზე არსებულ გამოწვევებზე, მათი განვითარების შესაძლებლობებსა და არსებულ ფასებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, დღესდღეობით, კურორტებზე პროდუქტის და სერვისის ხარისხი, ფასის შესაბამისი არ არის.
„მთელ მსოფლიოში ყველა ზამთრის კურორტი არის მაღალფასიანი, მაგრამ მაღალ ფასს იხდიან ხარისხში. ჩვენთან სამწუხაროდ, არ არის იმ დონის ხარისხი, რომ ასეთი ფასები იყოს, თუმცა შესაძლებელია ხაჭაპურის ფასი იყოს 50 ლარამდე, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ის პროდუქტი, რომელიც გამოყენებულია არის ძალიან მაღალი ხარისხის. შესაბამისად, პროდუქტის მიწოდების სერვისი და გარემოც იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. ესენი ჯერჯერობით არსებულ ფასებთან თანხვედრაში არ არის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად სამუშაოა, რომ არ შევაშინოთ ტურისტი. ზაფხულის სეზონი, რომ დაიწყება ტურისტს ძალიან ბევრი ალტერნატივა უნდა ჰქონდეს. ჩვენი კონკურენტია მაგალითად, თურქეთი და სხვადასხვა მიმართულება, რომლებიც თვითმფრინავის ბილეთის ფასად სასტუმროსაც კი სთავაზობენ. აქედან გამომდინარე, ხარისხს თუ მივაღწევთ - ხარისხი ძვირია, რადგან ამას სჭირდება ბევრი ადამიანის ჩართულობა, კარგი, სუფთა პროდუქტი, რომელიც ისედაც ძვირი ღირს და თუ ამას მივაწვდით (ბაზარს), შემდეგ პრეტენზია აღარ იქნება. ბიზნესი ისეთ კონკურენციაში ვართ, რომ ყველა ვარიანტში მოგვიწევს ამის გაგება. ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს, რომ ტურისტების რაოდენობა გავზარდოთ“, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ზამთრის კურორტების მიმართულებით დგას კურორტებთან დამაკავშირებელი გზებისა და შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
როგორც ვალერი ჩეხერია აღნიშნავს, აღნიშნულ გამოწვევებზე სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთობლივად უნდა იმუშაონ.
„ლაქშერი“ ტურისტი რასაც მოჰყავს ეს არის სათხილამურო მიმართულება და ზამთრის ტურიზმი. ევროპაში სათხილამურო კურორტებზე სასტუმროს დღიური ფასი 700-დან 1000-ევრომდე მერყეობს. ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს განვითარების შესაძლებლობა, რადგან გვაქვს როგორც თოვლი, ისე ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც. ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, რომ სწრაფად დავუკავშირდეთ ამ კურორტებს როგორიც არის სვანეთი, მაღალმთიანი აჭარა და თუნდაც გუდაური, რადგან საკმაოდ დატვირთულია გზები როგორც სატვირთო ავტომანქანებით, ასევე მომხმარებლებით. ბაკურიანის ინფრასტრუქტურა ძალიან აქტიურად მოეწყო. ჩვენ გვაქვს სასტუმრო და შემიძლია ვთქვა, რომ მოდის მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი როგორც ჩემპიონატებზე ასევე, სასრიალოდ და დასასვენებლად და მას სჭირდება დამატებით "შოპინგი", რესტორანი და სხვა გასართობი საშუალებები. პირველ რიგში, ბიზნესს სჭირდება იმის დანახვა, რომ ეს არ არის სეზონური და მხოლოდ 2 თვით არ ხდება და ტურისტი მთელი წლის განმავლობაში ეყოლება. ამიტომ დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა აუცილებელია, ეს გამოწვევაა და როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით სამუშაოა. შიდა ფრენების და სწრაფი მატარებლის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით“, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.