წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯავშნების მიღება უფრო ადრე დავიწყეთ და მოთხოვნა 25%-მდე არის გაზრდილი, - ამის შესახებ Wald Hotel Lagodekhi-ის მენეჯერმა ქეთი კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროში დამსვენებლების ნაწილი უცხოელია, ხოლო ნაწილი ადგილობრივი.
"ტურისტები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, გერმანიიდან და ავსტრიიდან გვსტუმრობენ. ასევე, ჩვენ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიასთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რომელსაც ტურისტული ჯგუფები კორეიდან ჩამოჰყავს და შესაბამისად, გარკვეული წილი ჩვენს დამსვენებლებში მათ უკავიათ. ამჟამად, უამინდობის გამო ჯავშნები გაუქმდა, თუმცა მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება.
მიმდინარე პერიოდის გარდა, წინასწარ ჯავშნებსაც აქტიურად ვიღებთ, მათ შორის, ბანკეტების მიმართულებით. გარდა ამისა, მაისის თვეში გვაქვს ჯავშნები ისევ კორეიდან და გერმანიიდან, მათ შორის, სასტუმროში განთავსებასა და ლანჩებზე, რესტორანში. ამ ეტაპზე 20 ნომერია დაჯავშნილი. ასევე, მოთხოვნაა აგვისტოს თვეზეც და ვფიქრობ, რომ დაინტერესება უფრო გაიზრდება.
მოთხოვნიდან გამომდინარე ჩანს, რომ ლაგოდეხის მიმართ ინტერესი მზარდია. ჩვენც და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაც მუდმივად ვცდილობთ, რომ ლაგოდეხის პოპულარიზაცია მოხდეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ინტერესი სწორედ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმართ არის, რადგან მისი ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება", - აცხადებს ქეთი კაპანაძე.
ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში 45 ნომერი ფუნქციონირებს. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 3 კოტეჯი, მათ შორის, ორი საცხოვრებელი კოტეჯი საუნით, ხოლო ერთი სპა-საუნისთვის. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარს და ორ ღია აუზს.