logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

წელს ტურისტების დასახვედრად განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს - მესტიის მერი

წელს ტურისტების დასახვედრად განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს, - ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორი ყველაზე მეტად გრძნობს, რომ სვანეთში ტურისტების რიცხვი იზრდება, რადგან ზამთრის სეზონის ჯავშნებს უკვე იღებენ.

დაბა მესტიაში ელექტროენერგიის ხაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც უბნების ელექტროენერგიით მუდმივად მომარაგებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საბაგიროებზე დასრულებულია სარემონტო სამუშაოები და ამ კუთხითაც მზად ვართ, რომ ტურისტებს დავხვდეთ. ასევე, მესტიის შესასვლელის მოპირკეთება დავიწყეთ და მომავალ წელს, ტროტუარების განახლება სრულად დასრულდება. აღნიშნული ტროტუარები შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება და მათ გადაადგილება გაუადვილდებათ. ამასთან, დაემატა გარე განათებები. დაბა მესტიაში თითქმის ყველა ქუჩა მოვიცვით და ამ წელს, ზამთარი დაბა მესტიაში ძალიან განათებული იქნება", - აცხადებს მესტიის მერი.

კაპიტონ ჟორჟოლიანი ასევე, გამოეხმაურა ადგილობრივი სასტუმრო ბიზნესის ნაწილის განცხადებას, რომ მესტიაში მშენებლობები არაგეგმურად მიმდინარეობს. მესტიის მერის განცხადებით, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტს განაშენიანების გეგმა ჯერჯერობით არ აქვს და ამიტომ, მშენებლობის ნებართვების გაცემა, თუ უარის თქმა თავად მერს უწევს. მისივე თქმით, მესტიაში არც ერთი მშენებლობა არ მიმდინარეობს უნებართვოდ. კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს განაშენიანების გეგმა, სავარაუდოდ, მომავალ წელს დამტკიცებული იქნება. 

გამოგვყევით