logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ველნეს ტურისტების დიდი ნაწილი საქართველოში დეტოქს პროგრამებისთვის ჩამოდის"

თითქმის 9%-იანი წლიური ზრდა ბრუნვაში და დაახლოებით, 1 ტრილიონ დოლარამდე მიღებული შემოსავალი - ეს ის ოფიციალური მონაცემებია, რომლითაც 2025 წელს მსოფლიოს ველნეს ტურიზმის ინდუსტრია ასრულებს. 

საერთაშორისო ველნეს ექსპერტების მოსაზრებით, ეს დარგი წელს ძალიან სწრაფი ტემპით გაიზარდა და თუ 2024 წელს მისი გლობალური შემოსავლები 895 მილიარდ დოლარს აღწევდა, ეს მონაცემი უკვე 975 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი და ერთ ტრილიონამდე, ფაქტობრივად, აღარაფერი რჩება.

ველნეს და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართ მსოფლიოს მოსახლეობის ინტერესის ზრდისა და შესაბამისად, სექტორის მაღალი ბრუნვიდან გამომდინარე, საერთაშორისო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო 3 წელში, ველნეს ტურიზმის გლობალური შემოსავლები ერთ-ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ეს ინდუსტრია მზარდია საქართველოშიც, თუმცა როგორც ადგილობრივ კურორტებსა და ველნეს-გამაჯანსარებელ ცენტრებში ამბობენ, ზრდა შედარებით ნელი ტემპით ხდება, რასაც გამოწვევების მთელი ჯაჭვი განაპირობებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  ექიმმა და საერთაშორისო ველნეს ექსპერტმა,  სამედიცინო ველნეს კურორტ  "ბიოლის" ველნეს დირექტორმა  მიხეილ ქოჩიაშვილმა  განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ველნეს ტურიზმით უმეტესად ძალიან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ინტერესდებიან, ველნეს და გამაჯანსაღებელ ტურიზმს უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაში, ამიტომ, ამ დარგის განვითარება სახელმწიფომ პრიორიტეტულ ამოცანად უნდა დაისახოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს ველნესის განმარტება ტურიზმის ჭრილში, გარდა ამისა, ცნობადობის სერიოზული დეფიციტია და გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების სიმცირეც, ასევე შესაბამისი პროფესიული სასწავლებლების არარსებობა.

„მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, წლიდან წლამდე იზრდება ჩვენთან - „ბიოლში“ უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ველნეს პროგრამების ზრდის მიმართულებით კი, 2025 წელს გამოიკვეთა დეტოქსზე მოთხოვნა. ეს უკვე ჩამოყალიბდა როგორც ტრენდი. საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი სტუმრების, თითქმის, 60-70% მოდის სწორედ ამ დეტოქს პროგრამებზე. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებულია სტუმრების შეფასებებთან, რომლებიც მაღალ შეფასებას აძლევენ „ბიოლის“ დეტოქს პროგრამას და შედეგად, სხვებიც ინტერესდებიან ჩვენთან ვიზიტით. დეკემბრის თვეც სრულად დატვირთული გვაქვს და გრძელდება პროგრამული სტუმრების ჩამოსვლა“,  - აღნიშნა მიხეილ ქოჩიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „ბიოლში“ განსაკუთრებით ჭარბობს სტუმრები შუა აზიის ქვეყნებიდან, ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ისრაელიდან.

ცნობისთვის, ველნეს ტურიზმის მიმართულებით მთელ მსოფლიოში აშშ ლიდერობს, როგორც ბაზრის ზომით, ისე ხარჯვითი ნაწილითაც – ყველაზე მეტი თანხა სწორედ აქ იხარჯება ველნესსერვისებზე. ევროპაში ამ კუთხით ლიდერი - გერმანიაა, ძალიან ძლიერი სპა კულტურით, აზიაში კი - ველნეს ტურიზმის სათავეში ჩინეთი დგას როგორც მოგზაურების რაოდენობით, ასევე გამოცდილებით.

გამოგვყევით