საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ტურისტულ ქვეყანაა. ამის შესახებ განცხადებები ყაზახი ტუროპერატორების მხრიდან ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა KITF 2025-ის ფარგლებში გაკეთდა.
როგორც ყაზახური კომპანიაTraveller-ის წარმომადგენელი გალინა იასუტისი განმარტავს, ყაზახებს საქართველო აინტერესებთ, განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, თუმცა ძალიან საინტერესო ზამთრის კურორტები გაქვთ და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, ზამთრის კურორტებზე წასვლა, ასევე რა თქმა უნდა ზაფხულის ტურისტულ კურორტებზეც.
მისი ინფორმაციით, მოგზაურებს საქართველოში იზიდავთ კულტურა, სამზარეულო, მთები. Traveller-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრია სანახავი.
გამოფენის ვიზიტორი ლეილი ნარუზბაი განმარტავს, რომ საქართველო ძალიან პოპულარული მიმართულებაა ყაზახეთში.
"საქართველოში იმართება პოპულარული მომღერლების კონცერტები, მაგალითად ჯასტინ ტიმბერლეიკის, ამიტომ ბევრს სურს საქართველოში წასვლა. საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ძალიან მინდა ვიმოგზაურო. თქვენი ქვეყანა გამორჩეულია არამარტო თანამედროვე არქიტექტურით, ასევე ძველი ქალაქებით, მთებით, ისტორიითა და საზღვაო კურორტებით"-ამბობს ლეილი ნარუზბაი.
ალმათის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახ ტუროპერატორებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში მონაწილეობა. ძალიან სასიამოვნოა ყაზახეთის ტურისტულ ბაზარზე შესვლა. ჩვენთვის პირველი წელია ამ გამოფენაზე. საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესია. ამ გამოფენაზე, დღეს შეუჩერებლად მოდიოდა ხალხის ნაკადი ჩვენს სტენდთან და საქართველოში ტურების მიმართ მათი მხრიდან მუდმივი დაინტერესება იგრძნობა"-აცხადებს ტურისტული კომპანია 4Seasons travel-ის მენეჯერი ანი ისაკაძე.
როგორც ცნობილია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში KITF 2025 მონაწილეობს. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
KITF 2025-ის ფარგლებში, მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს ყაზახური ავიაკომპანიების, მარკეტინგული კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
როგორც ტურიზზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, KITF 2025-ის გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილია ყაზახეთში საქართველოს საელჩო.
გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტკბილეული.
KITF 2025-ზე 63 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარმოდგენილი.