სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N12-ში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა.
სამუშაოები, რომელიც 5 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში ვიმყოფებით, სადაც არსებული სივრცე გამოყენებული იქნება სპორტული მოედნისთვის. ყოველმხრივ კეთილმოწყობილი საფეხბურთო მოედანი კეთდება. ირგვლივ მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. მადლობა სამგორის გამგეობას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. სამუშაოები ივნისში დასრულდება და კიდევ ერთი სპორტული მოედანი შეემატება დედაქალაქს. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალგაზრდებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ივარჯიშონ, სპორტით დაკავდნენ. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად კარგი პროექტები გვაქვს, რაც UEFA-ს გრანტებით ხორციელდება. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, სტადიონის ერთ მხარეს განთავსდება ტრიბუნა, რომელიც 146 მაყურებელზეა გათვლილი, სადაც ადგილები გათვალისწინებულია შშმ პირთათვისაც.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის გასახდელებიც და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პროექტის ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს.
ადგილზე თბილისის მერთან ერთად სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში ზაქარია წიკლაური იმყოფებოდნენ.