logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების სატენდერო პირობებში ქართულ კომპანიებს შეღავათები დაუწესდებათ" - რევაზ სოხაძე

ქართულ კომპანიებს ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების სატენდერო პირობებში გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ.  ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა უახლოეს პერიოდში მიიღებს.

როგორც რევაზ სოხაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა, კიდევ ერთი ინიციატივა იმ კომპანიების წახალისებას ეხება, რომლებიც პროექტებს დათქმულ ვადაში შეასრულებენ.

“დაველოდოთ მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებას და ნახავთ,  რომ კომპანიებს  მიეცემათ  ზრდის ახალი ტექნიკის შეძენის და ამ სფეროში ბიზნესის წარმოების მეტი შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომლის თანახმადაც  წახალისება მოხდება იმ კომპანიების, რომლებიც კონტრაქტს დროულად შეასრულებენ. ეს არ იქნება სამადლობელი სიგელი. ეს იქნება მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის გაღებული სახელმწიფო ფულადი სახსრები”,- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია 120 ერთეული თანამედროვე და ხარისხიანი ახალი ტექნიკის შეძენა,

“ჩვენ არ გვინდა, რომ 80-იან წლებში გამოშვებული მოძველებული ტექნიკით ხდებოდეს მრავალმილიარდიანი აქტივის მოვლა-შენახვა. ჩვენ შევქმენით მრავალმილიარდიანი აქტივი და ახლა არის დრო, რომ ამ აქტივს მოვუაროთ. სახელმწიფო ვერ მოუვლის 6000 კილომეტრს. ჩვენ აქეთკენ არ მივდივართ, მაგრამ პირობებს შევქმნით იმისთვის რომ კერძო კომპანიებმა შეიქმნან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სწორი ანაზღაურების შექმნის პირობებში  მოუარონ გზებს.  თუ არ მოუვლიან ჩვენი რეაქცია იქნება ისეთი, როგორიც სხვა შემთხვევებშია”,-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ერთ წელში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ ქართული კომპანიები გაძლიერდნენ,.

“ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული კომპანიები. ჩვენ ქართულ კომპანიებს  საშუალება მივეცით დიდ ტენდერებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ შორის საგზაო ტენდერებში. შედეგად, თბილისის შემოვლით გზაზე მონაწილეობისთვის პირველად მივიღეთ შემთხვევა, როცა სწორედ ქართული კონსორციუმი შეიქმნა, რაც დიდი მიღწევაა და იმედი მაქვს,  ისინი ამ კონკურენტულ ბაზარზე იტყვიან თავის სიტყვას.”-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გამოგვყევით