ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ე.წ თეთრ სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ახალი მოდელის თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.
აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძისა და სამშენებლო კომპანიების, ინფრტასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
შეხვედრაზე, ასევე ყურადღება დაეთმო ფასების პოლიტიკას. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა, დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში.
შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამუშაოების ხარისხსა და შესრულების ვადებზე.
„სამწუხაროდ, ბევრს არ გამოუვლენია სათანადო რეაგირება ჩვენს ახალ მიდგომებზე. დღემდე ვაწყდებით უხარისხო სამუშაოებს და გაჭიანურებულ ვადებს. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს – გაუთავებელი გადავადებები აღარ იქნება. 11-ჯერ გადავადებულ კონტრაქტს მე-12-ედ აღარ გადავავადებთ,“ -განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მომავალი კვირიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მათ შორის თავად მინისტრი, დაიწყებენ ობიექტების მონახულებას და დარღვევებზე მოხდება მყისიერი რეაგირება.
„ხარისხი არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. დავიწყებთ აქტიურ მონიტორინგს და ყველა დარღვევაზე მივიღებთ სწრაფ და შესაბამის ზომებს,“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.