logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

გაზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რობოტი იმუშავებს

2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რობოტი იმუშავებს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის თქმით, თბილისის აეროპორტიც შეუერთდება იმ აეროპორტების რიგებს, სადაც რობოტები „მუშაობენ“. მოლოდინია, რომ რობოტექნიკა მგზავრების დიდ ინტერესსაც გამოიწვევს.

„უკვე ერთი წელია სხვადასხვა გამოფენებს ვესწრებით, რათა ავარჩიოთ ისეთი რობოტი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მოცულობის შესაბამისი იქნება. ვფიქრობ, რომ 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი. ეს ერთის მხრივ ჩვენთვის იქნება ინოვაცია და მეორე მხრივ, იქნება ძალიან საინტერესო და კომფორტული სერვისი მგზავრებისთვის. გვინდა, რომ საინფორმაციო სამსახური ჩავაბაროთ. რა თქმა უნდა, ეს რობოტი საინფორმაციო სამსახურს არ ჩაანაცვლებს, მაგრამ საკმაოდ კომფორტული იქნება. იმოძრავებს ტერმინალში და პასუხს გასცემს ყველა მგზავრს, ვისაც კითხვა მიმდინარე რეისებთან დაკავშირებით ექნება“, - ამბობს თეა ზაქარაძე.

მისივე თქმით, TAV არის გლობალური, დიდი კომპანია და რობოტების შეძენა სხვა აეროპორტებისთვისაც იგეგმება.

„ჩვენ ვმართავთ 125 აეროპორტს და შესაბამისად, ეს ინოვაციები TAV-ის მართვად აეროპორტებში უკვე დანერგილია. მაგალითად, იზმირის აეროპორტში უკვე არის რობოტი, რომელსაც ბარგის ჩამოტვირთვა-ატვირთვისთვის იყენებენ. იგეგმება შეტანა ბოდრუმის და სხვა აეროპორტებშიც.

TAV IT ჩვენი ცენტრალური სათავო ოფისიდან ამ პროექტზე მუშაობს და ველოდები, რომ 2025 წლის აპრილში უკვე თბილისში რობოტი გვეყოლება და ყველას გაგაცნობთ“, - ამბობს თეა ზაქარაძე.

გამოგვყევით