რა თქმა უნდა, წყალმომარაგების კუთხით, ქვეყანაში არსებობს პრობლემები და ჩვენმა გუნდმაც, როდესაც დავიწყეთ სამინისტროში მუშაობა, მოვახდინეთ ამ პრობლემების იდენტიფიცირება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემები არის მრავალმხრივი - დაწყებული სუბიექტური მიზეზებით, დამთავრებული ობიექტურით.
„პირველი - ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის ხოლმე, ეს არის სწორი პროექტირების გაკეთება. თუ თავიდანვე არ დაისვა სწორი დიაგნოზი, არ გაკეთდა სწორი პროექტი, გზა და გზა ამ პროექტის ცვლილება, რა თქმა უნდა, იწვევს ძალიან დიდ შეფერხებებს. მე მინდა, ყველა იმ დასახლებული პუნქტის მცხოვრებს ძალიან დიდი ბოდიში ვუთხრა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის. ასეთია, მაგალითად, ბაკურიანი, რომელიც არის ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტი და მე ვიცი, რომ ზაფხულის პერიოდში ძალიან დიდი დისკომფორტი იყო და დღესაც კი - ეს პრობლემა არ არის ამოწურული. თუმცა, როდესაც ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემა და საკანალიზაციო წყალარინების სისტემა მოეწყობა, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ამ ტურისტული დაბისთვის. ასევე პრობლემებია ხაშურთან მიმართებით, ძალიან დიდია უკმაყოფილება მოსახლეობის და აქაც უზარმაზარი სამუშაო ხორციელდება. ათობით მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები მოეწყოს. ამ კუთხით, ძალიან ბევრია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამუშაო და მთავრობის პრიორიტეტია, რომ გაუმჯობესდეს ამ მიმართულებით სიტუაცია“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისივე განმარტებით, პრემიერის მითითებაა, რომ ყველა სერვისი მოსახლეობას მიეწოდოს სათანადო დონეზე. პირველ რიგში კი - წყალი, წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემები.
„ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში, განვახორციელებთ პროექტებს, რომლის მიხედვითაც, ყველა ქალაქის და 19 ტურისტული დასახლების წყალარინების სისტემები მოეწყობა“, - განმარტა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიარდი ლარი იქნება.