“საგზაო დეპარტამენტის მოვლა-შენახვაში ჯამში 6 000 კილომეტრზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი გზაა, დღეს საუბარია მხოლოდ 105 კმ-ზე, რომლის მართვას სახელმწიფო კომპანია განახორციელებს, შესაბამისად, ყოველგვარი საუბარი კერძო ბიზნესის ჩანაცვლებაზე არარელევანტურია.”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
რევაზ სოხაძის განმარტებით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 25 ზონად, ამ ტერიტორიებზე გზების მოვლა- შენახვის კონტრაქტი კი კერძო კომპანიებს აქვთ გადაცემული, რაც მინისტრის თქმით, ნიშნავს იმას რომ ამ გზას უნდა მიხედოს ბიზნესმა.
"საკმაოდ დიდი გამოწვევებია ამ მიმართულებით, დაწყებული დასუფთავების სამუშაოებიდან, მათ შორის ზამთარში თოვლის პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ორმოს შეკეთებამდე კი არ მივიდეთ, სანამ ორმო გაჩნდება ჩნდება ბზარი და სწორედ ამ ბზარს მივხედოთ”,-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, გზების მოვლა-შენახვაში სახელმწიფო კომპანიის ჩართვა არაერთი ქვეყნის პრაქტიკაა.
“სახელმწიფო ქმნის შპს-ს. ეს არ არის ჩვენი გამოგონება, ავიღეთ ქვეყნები, სადაც საუკეთესო გზები და მაგისტრალებია, გერმანია ხორვატია, ესპანეთი და ა.შ სადაც სახელმწიფო შპს-ები არიან ძირითადი მაგისტრალების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებლები. ამ ქვეყნებშიც იყო პერიოდი, როცა კერძო კომპანიებზე იყო გადაცემული ეს უფლება”,აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს არ შეასრულებს და იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები.
“ეს არ იქნება გზებს დამგები კომპანია და არ შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები. საუბარია 138 ხიდსა და 59 გვირაბზე, რომელიც ძალიან რთული საინჟინრო ინფრასტრუქტურაა. ფერდები გამაგრებულია და მას ყოველდღიური დაკვირვება სჭირდება. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა და გადავწყვიტეთ სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა.
ერთია ამ კომპანიის შექმნა, მაგრამ ჩვენ მთლიანი რეფორმა გააზრებული გვაქვს და კერძო კომპანიები სადაც დარჩებიან გზების მოვლა-შენახვაში იქაც შევცვლით სისტემას. კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით მოხდება ანაზღაურება. ჩემთვის ძალიან მიუღებელია როცა სამთავრობო ესკორტი გადაადგილდება და მაშინ იწყებენ გზების მოწესრიგებას, ჩვენთვის მთავარია მოსახლეობა ხედავდეს რომ მოვლილია გზა “,-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.