logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ტენდერები სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხორციელდება"

"ტენდერები სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხორციელდება"

1707295028

,,ჩვენი მასშტაბური ინფრასტრუქტურული  პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. შესაბამისად, სესხი,  რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ესა თუ ის პროექტი, ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ქართულმა მხარემ, ანუ მსესხებელმა აუცილებლად სრულად და ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესები და პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშული სესხი არ გაიცემა, ხოლო თუ დაფიქსირდა ასეთი შეუსაბამობა ქვეყნის და მსესხებლის მიმართ გათვალისწინებულია  სანქციები“-ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ დასმულ შეკითხვას.

ქარსელაძემ განმარტა, რომ  ტენდერები სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხორციელდება, დაწყებული სატენდერო დავალების მომზადებით, გამოცხადებით, ვადის დაწესებით, ტექნიკური თუ ფინანსური კრიტერიუმების განსაზღვრით, გამოცდილების გათვალისწინებით და მრავალი სხვა საზომით. მეტიც, ტენდერის თითოეული ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა შეუძლებელია საფინანსო ინსტიტუტების დასტურის გარეშე. მათ შორის, დასტურის შემდეგ ხდება პრეტენდენტის გამარჯვებულად აღიარება  და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, მკაცრად გაწერილია, თუ როგორ კომპანიას შეუძლია გაიმარჯვოს ტენდერში, მათი დისკვალიფიკაციის საფუძვლები და არსებობს ე.წ. შავი სიაც.

,,სანქცირებული კომპანიების სია შედგენილია  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და მათ მიერვე ხდება  მონიტორინგი. შესაბამისად, ამ სისტემაში შეუძლებელია გამარჯვებული იყოს კომპანია და გაფორმდეს მასთან  ხელშეკრულება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თუნდაც ერთ ამ მოთხოვნას. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ რაღაც არ ხდება სტანდარტის შესაბამისად, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. პირიქით, ზედმიწევნით ზუსტად არის ყველა პროცედურა დაცული“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ფორმდება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების სახეობაა. ამასთან, ეს ხელშეკრულება 

სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილია. ამდენად, პროექტის მართვაც, ხდება  FIDIC-ის ხელშეკრულების მუხლების შესაბამისად, რომელშიც, ასევე ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი.

,,არა მხოლოდ შესყიდვის ნაწილში და არა მხოლოდ პროექტის მომზადების, დამტკიცების, დაფინანსების გადაწყვეტილების და სესხის გაფორმების, არამედ შემდეგ უკვე გაფორმებული ხელშეკრულების მართვის ნაწილშიც, შესაბამისი ანგარიშგება  ხორციელდება  დიდი ოთხეულის მიერ,  ფინანსური  და ტექნიკური აუდიტებით. ეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და საჯარო.  იმაზე საუბარი, რომ რომელიმე პროექტში  ისეთი კომპანიაა ჩართული, რომელიც არ შეიძლება იყოს, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოგვყევით