შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2024 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, საგზაო სამოსი მოწყობილია 17 კმ-ზე, დასრულების ეტაპზეა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ჯამში ითვალისწინებს 35 მეწყრულ უბანზე პრევენციული სამუშაოების ჩატარებას.
"გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რომელიც ერთ-ერთი უმოკლეს გზას წარმოადგენს ახმეტის, თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტის მიმართულებით. პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, გატარდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სრულად აღიჭურვება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება,"-აღნიშნულია ინფორმაციაში.