2025 წელს ბათუმში 20 მშენებარე საცხოვრებელი პროექტის გაყიდვებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა 77%-ი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის 2025 წლის III კვარტალის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი.
"2025 წლის სექტემბერში, ჩვენ სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელიც ბათუმში 20 მშენებარე საცხოვრებელ პროექტს მოიცავდა.
2025 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 77%-ი შეადგინა, რაც ქვეყნების მიხედვით დივერსიფიცირებულია", - ნათქვამია მიმოხილვაში.
მათივე ცნობით, 2025 წლის 8 თვეში, ბათუმში, გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა.
"2025 წლის 8 თვეში 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და 1,497-ს მიაღწია. ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს. შედეგად, წლიური გაყიდვების ფარდობა გასაყიდი ბინების რაოდენობასთან 2021-23 წლების დონეზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება", - ვკითხულობთ მიმოხილვაში.