ახალი რეგულაცია საავტომობილო ბიზნესში - საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული სატვირთო, სამგზავრო და სამედიცინო დანიშნულების ტრანსპორტის რეგისტრაცია აიკრძალა.
შეზღუდვა შეეხო ყველა იმ ტრანსპორტს, რომელიც M3, N1, N2 და N3 კატეგორიას მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ რეგულაცია ევრო 5 სტანდარტზე გადასვლას უკავშირდება, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს. გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებს და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განუცხადა, ავტოპარკი, რომელზეც ეს რეგულაცია ვრცელდება საკმაოდ მოძველებულია, შესაბამისად, მისი განახლება ფინანსური ხარჯების ზრდას გამოიწვევს.
გარდა ამისა, ავტოდილერები ვარაუდობენ, რომ რეგულაციის გავლენით, მოთხოვნა და შესაბამისად ფასები გაიზრდება უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებზეც. მათ შორის, ცხადია მოიაზრება როგორც სადისტრიბუციო მანქანები, ისე სპეცტექნიკა, რომელიც მშენებლობებზე გამოიყენება.
„ჩვენი მუშაობის შედეგად, ახალი რეგულაცია არ გავრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც უკვე გზაშია. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის მიმართვის შემდეგ, მთავრობამ საშეღავათო პერიოდი დაუწესა იმ იმპორტიორებს, რომელთა ავტომობილებიც ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. უფრო კონკრეტულად, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირებაც 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დაიწყო, საქართველოში ჩვეულებრივ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დარეგისტრირდებიან“, - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზოგადად, ქართულ ავტობიზნესში მიმდინარე ტენდენციებსა და გაყიდვების დინამიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კვლავ რჩება საავტომობილო პროფიციტი და დილერებს მანქანების რეალიზაცია ამ დრომდე უჭირთ.
ალექსი ნონიაძე გასულ 2024 წელსაც აჯამებს და მას ქართული საავტომობილო ბიზნესისთვის საკმაოდ რთულ პერიოდად აფასებს. როგორც ნონიაძე განმარტავს, გასულ წელს ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შემცირდა, რისი მიზეზიც სწორედ ქართულ ბაზარზე ჭარბად დაგროვილი მანქანები გახდა. შედეგად, დილერების დიდმა ნაწილმა წელი მცირე მოგებით, ნაწილმა კი - ზარალით დაასრულა.
ის, რომ ქართველ დილერებს მსუბუქი მანქანების რეალიზაცია უჭირთ, ადასტურებენ ავტომობილების გაყიდვების პორტალ AUTO.GE-ზეც და ამბობენ, რომ გართულებული გაყიდვების გამო, ავტო მფლობელებს მოუწიათ მანქანებზე ფასები დაეწიათ, რამაც დეკემბრის თვეში რეალიზაციის მაჩვენებლები შედარებით გაზარდა. როგორც ვებგვერდზე მიუთითებენ, დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში, ახალი განცხადებების რიცხვი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი ავტომობილების ნაწილი უკვე გაიყიდა.
რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს - გასული წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 2 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების მანქანები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურად პერიოდთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტის, ამავე საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების მანქანები შემოვიდა - კლება წინა წელთან შედარებით - 0,1%-ია.