"უმალის" გაყინული პროდუქცია ბაზარზე, სავარაუდოდ, მაისიდან გამოჩნდება, - - ამის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია 2025 წელს სხვადასხვა პროექტში ჯამურად 3 მლნ. ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
"ამ ეტაპზე გაყინული პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, უცხოელ ინვესტორებთან მიმდინარეობს და სავარაუდოდ, გაზაფხულიდან გამოჩნდება ბაზარზე", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებით განვითარებას - როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ამ კუთხით "უმალი" განვითარებას გეგმავს, თუმცა ეს გარკვეულ საკითხებზეა დამოკიდებული.
"ჩვენი პროდუქციის მიმართ დაინტერესება გამოიხატა იტალიიდან და ისრაელიდან. ექსპორტის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა იმან, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ლიცენზია არ აკმაყოფილებს მათ სტანდარტებს. ამჟამად, აქტიურად არ ვმუშაობთ მათი სტანდარტების შესაბამისი ლიცენზიის აღებაზე, რადგან ეს ნაწილობრივ სახელმწიფო რეგულაციებზეა დამოკიდებული.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი სრულად არ გვაქვს ათვისებული, თუ მათი სტანდარტების შესაბამისი ლიცენზია ავიღეთ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით განვითარებას, რადგან კომპანიისთვის ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება", - აცხადებს დიმიტრი წვერავა.
ცნობისთვის, "უმალი" 50-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის ხიზილალას აწარმოებს. ძირითადი პროდუქტებია სკუმბრია, ქაშაყი, ქაშაყის ფილე, მოივა და სხვა.
"უმალი" ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპროდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 90 ადამიანია დასაქმებული.