logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესის განვითარება გარკვეულწილად შეაფერხა - "იმერი"

2024 კომპანიისთვის საკმაოდ კარგი წელი იყო, თუმცა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესის განვითარება გარკვეულწილად შეაფერხა, - ამის შესახებ ბაღჩეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "იმერის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ კიკნაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორებისა, ჯამურად კომპანიის წლიური გაყიდვები, 2023 წელთან შედარებით გაზრდილია.

"კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 2-3%-ით გაიზარდა. 2024 წელს დავამატეთ 6 სახეობის ბაღჩეული. თითქმის ყველა პროდუქტზე არის მოთხოვნა, მათ შორის, ტარხუნაზე, რომლის 1 კილოგრამის ფასი 120-დან 150-ლარამდე მერყეობს. 

ვფიქრობ, რომ 2025 წელი უკეთესი უნდა იყოს. ამ ეტაპზე დაგეგმილი კონკრეტული პროექტი არ მაქვს, თუმცა მივყვებით დინებას და რა საჭიროებაც გაჩნდება იმის მიხედვით ვიმოქმედებთ", - აღნიშნა ნიკოლოზ კიკნაძემ.

რაც შეეხება ექსპორტს - როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"ექსპორტის გამოცდილება გალფის ქვეყნებთან უკვე მაქვს. სამომავლოდ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება ისევ განვაახლოთ", - აცხადებს ნიკოლოზ კიკნაძე.

ცნობისთვის, კომპანია "იმერი" ბაზარზე 3 წლის წინ  გამოჩნდა. კომპანია ამ ეტაპზე, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ციტრუსოვან ხილს აწარმოებს და პროდუქციას, ამ ეტაპზე, ადგილობრივი გლეხებისგან იღებს. "იმერის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებსა და ონლაინ Wolt-ის და Glovo-ს საშუალებით.

გამოგვყევით