FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობა) ბაზარზე არაორგანიზებული საცალო ვაჭრობის წილი 59%-ია. აქ შედის უბნის მაღაზიები და აგრარული ბაზრები, - ამის შესახებ "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ხაბაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, FMCG ბაზრის საერთო წლიური მოცულობა საქართველოში დაახლოებით, 20 მლრდ. ლარია, სადაც მხოლოდ 41% ორგანიზებულ რითეილს, ანუ სუპერმარკეტებს უჭირავს.
გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ორგანიზებული რითეილის წილი საერთო FMCG ბაზარზე გაიზარდოს.
"კონკურენცია რითეილ ბაზარზე არსებულ ყველა ბიზნესს შორის არის. ამ მაღალ კონკურენტული გარემოთი რა თქმა უნდა, სარგებლობს საქართველოს ეკონომიკა. როდესაც კომპანიები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, ისინი მუდმივად მოტივირებულები არიან, რომ გაძლიერდნენ და მეტი სიახლე შესთავაზონ მომხმარებელს, რაც განაპირობებს ბაზრის ზრდას, რითაც რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკა და მომხმარებელი სარგებლობს. კონკურენცია ყველა ქსელს უბიძგებს, რომ მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.
ორგანიზებული რითეილი, ანუ ქსელური სუპერმარკეტები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ ხარისხსა და უვნებლობას, რაც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის. ჩვენს სექტორში 10 ათასობით ადამიანია დასაქმებული", - აცხადებს ხაბაშვილი.