„1995 წელს, ლარის შემოღებამდე ეკონომიკური საფუძვლების შექმნაში ფინანსთა სამინისტრომ უდიდესი როლი შეასრულა. ჩვენ შევძელით მშპ-ის 20%-ის მობილიზაცია ბიუჯეტში და მოვახდინეთ მთელი ჰუმანიტარული დახმარების მონეტარიზაცია, ასე „გავამაგრეთ“ კუპონი,“ - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი 1993-1997 წლებში დავით იაკობიძე, რომელიც 30 წლის წინ აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ვალუტის ლარის შემოღებისა და მიმოქცევაში გაშვების პროცესში.
დავით იაკობიძე დარწმუნებულია, რომ 1995 წელს საქართველოში ჩატარდა ფულის უნიკალური რეფორმა. მიმოქცევაში გაეშვა ეროვნული ვალუტა - ლარი. ერთი კვირის შემდეგ, 2 ოქტომბრიდან კი ქართული ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთი საგადამხდელო საშუალება გახდა.
„ლარის დედა არის საქართველოს ეკონომიკა , ლარის მამა არის საერთაშორისო მონეტარული სისტემა. როდესაც პირველი ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში გაეშვა, ერთი დოლარი 1,3 ლარი ღირდა. მცირე დროში კი ლარი გამყარდა, რაც მიმოქცევაში მეტი ლარის გაშვების საშუალებას იძლეოდა.
სულ ცოტა ხანში იმ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ის 1,2-ზე ჩამოიყვანა. ლარმა დაიწყო გამყარება. ეს იყო სიგნალი, რომ შეგვეძლო მეტი ლარის მიმოქცევაში გაშვება,“ - აღნიშნა დავით იაკობიძემ.
ექს-ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 1995 წლის ფულის რეფორმა ძალიან წარმატებული იყო, ის ძალიან სკურპულოზურად და პროფესიონალურად ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ლარის პირველ ბანკნოტებზე ეროვნულ ბანკის პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად
ფინანსთა მინისტრის დავით იაკობიძის ხელმოწერაა დაფიქსირებული.