logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-მ ბავშვთა კვების ბაზარზე დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

GCCA-მ ბავშვთა კვების ბაზარზე დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

1752737760

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ბავშვთა კვების ბაზარზე, სს „გეფას“ მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შეფასების მიზნით, სააგენტომ 4 შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონე შეისწავლა.

"შეფასების მიხედვით:დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ბაზარზე (0-დან 12 თვემდე) 2024 წელს მოქმედებდა 11 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა 1 837 641 ცალს (28 972 931 ლარი);  დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ბაზარზე (1-დან 3 წლამდე) მოქმედებდა 8 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 407 870 ცალს (5 906 678 ლარი); რძიანი და ურძეო ფაფების ბაზარზე 2024 წელს მოქმედებდა 11 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 2 902 422 ცალს (12 206 886 ლარი); საბავშვო კვების მზა პროდუქტების (პიურე, იოგურტი, პუდინგი და სხვა) ბაზარზე ოპერირებდა 12 ეკონომიკური აგენტი, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 3 347 256 ცალი (7 023 803 ლარი),"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

GCCA-ის შეფასებით, ოთხივე ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია და მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი შესაბამისი ბაზრების იმპორტის დონეზე არ არის წარმოდგენილი ბევრი ეკონომიკური აგენტი, ბაზრები კონკურენტულია. ამასთან, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის ფარგლებშია. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განსახორციელებელი კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ მოახდენს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 10 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.  

გამოგვყევით