logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ღვინის მაღაზიებში პროდუქციას ხშირად არ ვყიდი, რადგან თანხის გადახდას აგვიანებენ" - "მარანი გელოვანი"

ადგილობრივ ღვინის მაღაზიებში გარკვეული სახის გამოწვევები არსებობს, რაც ძირითად მეღვინეებისთვის თანხის დაგვიანებით გადახდას უკავშირდება.

როგორც "მარანი გელოვანის" დამფუძნებელი, აკაკი გელოვანი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, გარკვეული დროის განმავლობაში პროტესტის განცდა ჰქონდა და ქვეყნის მასშტაბით ბევრ ობიექტზე პროდუქციას საერთოდ არ შეჰქონდა. 

ტურისტული სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ხშირად ღვინის მაღაზიის მფლობელებმა ბიზნესის კეთება საერთოდ არ იციან.

აკაკი გელოვანი ქსელურ მარკეტებში პროდუქტის განთავსების საკითხსაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ აღნიშნული ხაზითაც ბევრი პრობლემაა. 

"ერთი პერიოდი პროტესტი მქონდა, საქართველოში ღვინოს არ ვყიდდი, რადგან ფულს არ იხდიან, ბიზნესი არ იციან და სათანადოდ არ გვეპყრობიან. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 2-3 ადგილზე ვარ წარმოდგენილი. საქმეში დიდი შრომა მაქვს ჩადებული და თანხას ხშირად 6 თვის მერეც არ გიხდიან ხოლმე, აქედან გამომდინარე მათთან პარტნიორობას თავი დავანებე. გამიმართლა, რომ ექსპორტზე გავედი და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან (იაპონია, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია) აქტიური საქმიანი ურთიერთობა მაქვს. საკუთარ თავს თავად უნდა ვცეთ პატივი, თორემ ტაშს არავინ დაგვიკრავს.  რამდენი შემთხვევაა იცით, რომ 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი ღვინის მაღაზიები თანხის გადახდას აგვიანებენ?! კონკრეტული მაღაზიების ჩამონათვალისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მსგავსი შემთხვევები მერწმუნეთ ხშირია. იმედია, სიტუაცია შეიცვლება...

რაც შეეხება ქსელურ მარკეტებში პროდუქტის განთავსებას,  როგორც ვიცი, ამ ხაზითაც ბევრი გამოწვევაა. უბრალოდ ქსელურ მარკეტებში შესული არ ვარ, რადგან ბიო ღვინოს ვაწარმოებ და მათ საკმარისი რაოდენობის პროდუქტს ვერ მივაწვდი. კერძოდ, ქსელურ მარკეტებში უფრო ხშირად ინდუსტრიული ღვინო იყიდება. ნატურალური ღვინო სხვა სეგმენტი გახლავთ, ძვირად იყიდება და იაფი არ ღირს", - აცხადებს აკაკი გელოვანი.

ცნობისთვის, "მარანი გელოვანი" თბილისიდან 25კმ-ში, სოფელ ქვემო წყლულეთში, მდებარეობს და კახური ჯიშის ბიო ღვინოს ამზადებს. ასორტიმენტში შედის: "რქაწითელი", "კახურ მწვანე", "ქისი" და "საფერავი". ექსპორტზე კი 2017 წლიდან გადის, საექსპორტო ქვეყნებია - იაპონია, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი და შვეიცარია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქსელურ მარკეტებთან მიმართებით უარყოფითი პოზიცია, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებსაც აქვთ. მათ შორისაა "ჩირჩხელას" აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე. მეწარმის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა სუპერმარკეტებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანაზე - კერძოდ, თითოეული სახეობის მარკეტის თაროზე განთავსებისთვის 1500 ლარია გადასახადი, რაც საკმაოდ ძვირია.

გარდა ამისა, ქსელური მარკეტების მაღალ გადასახადებზე "ბიზნესპარტნიორთანსათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "ქართული თემის დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ კანონი უნდა მიიღოს, რომ ქსელურ მარკეტებს 5%-ზე მაღალი "ქეშბექის" მოთხოვნის საშუალება არ ჰქონდეთ.

ინგა ფხალაძე: "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც"

ინგა ფხალაძე: "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც"

გამოგვყევით