საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებს მათ მიმართ ზეწოლით ხსნის. როგორც მან დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამის მიზეზი ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგია.
"მე გეტყვით რა არის ამ განცხადებების მიზეზი და ეს უკვე გითხარით ჩემს ბრიფინგზე. ამ შემთხვევაში, მიზეზი არის არა წაკითხულის ვერ გააზრება, არამედ ის ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, რომელიც ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე.
ლიბერალური ფაშიზმი თუ რამეს დაესხა თავს, პირველ რიგში ეს იყო ბიზნესი, სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ. ქოლ-ცენტრებს ამუშავებდნენ. ერთ კონკრეტულ სპორტსმენს მიუვიდა ათასამდე მესიჯი, ხმოვანი შეტყობინება WhatsApp-ზე , Facebook-სა და სხვა საშუალებებით.ამუშავებული იყო ქოლ-ცენტრები ამისთვის. იგივე ხდებოდა ბიზნესებთან მიმართებით, მიდიოდა პირდაპირი ზეწოლა და შანტაჟი ბიზნესმენების წინააღმდეგ და ესაა შედეგი"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.