სახელმწიფო სამსახურში ვეტერინარების სერიოზული დეფიციტი გვაქვს, - ამის შესახებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ კერძო სექტორში აღნიშნული პროფესიის ანაზღაურება უფრო მაღალია.
"არსებობს საოცნებო პროფესიები, მაგრამ არის პროფესიები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში დეფიციტურია, თუმცა ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. სახელმწიფო სამსახურში ვეტერინარების დასაქმება არის სერიოზული პრობლემა. ჩვენი ვეტერინარების დიდი ნაწილი საპენსიო ასაკში გადადიან და ფიზიკურად შეიძლება ვეღარ იმუშაონ. ასევე, ვერ ვავსებთ ამ დეფიციტს იმის გამო, რომ კერძო სექტორში შინაურ ცხოველთა ვეტერინარია იმდენად მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია, რომ რა გამოშვებაც აქვთ უნივერსიტეტებს, ნაკადი მაქსიმალურად იქით მიდის. თავისთავად სახელმწიფო ანაზღაურება უფრო ნაკლებია ვიდრე კერძო სექტორში, თუმცა ვეტერინარის ანაზღაურება მაინც საკმაოდ სოლიდურია", - აცხადებს ნინო წილოსანი.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ახალი ტყის კოდექსის მიხედვით მუდმივად მზარდი იქნება კადრების რაოდენობა მეტყევეების მიმართულებით.
"ტყის ფართობის კონკრეტულ რაოდენობაზე 1 მეტყევე იქნება განსაზღვრული. ამიტომ გარანტირებული სამუშაო და დასაქმების შესაძლებლობაა აღნიშნული მიმართულებით" - აღნიშნა წილოსანმა.