logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

TOP 5 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით - 9 თვის შედეგები

2024 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 983 მილიონი ლარი.  ამის შესახებ სადაზღვევო ბაზრის 9  თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი ( 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება  190,9 მილიონ ლარს შეადგენდა, წმინდა მოგება კი 63.5 მილიონი ლარს). 

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს.

საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია.  2024 წლის 9 თვეში 750 180  სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 135 019  პოლისი იყო გაყიდული.

2024 წლის 9  თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (170 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „თიბისი“ (157 მლნ ლარი) , მესამე ადგილზე კომპანია "ალდაგი" (152 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა  "იმედი L“ (97  მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს  სადაზღვევო კომპანია "არდი" (84 მილიონი ლარი) იკავებს. 

2024 წლის 9  თვეში  ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი  კომპანია "ბბ დაზღვევამ"  (113 მილიონი ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „ჯიპიაი“ (86 მლნ ლარი), მესამეზე კი "თიბისი" (68 მლნ ლარი),  მეოთხე ადგილს „ალდაგი“  (61 მლნ ლარი) იკავებს. მეხუთეს კი "იმედი L“  (51 მლნ ლარი).

2024 წლის  9 თვის  თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 103 მილიონი ლარით და ბაზრის 24% ეჭირა,  შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - 83.1 მლნ ლარით (ბაზრის 20%), მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია  "არდი"  - 69.2 მლნ ლარით (ბაზრის 16%), მეოთხე ადგილზე "თიბისი"  იყო - 39.6 მლნ ლარი (ბაზრის 9%), მეხუთე ადგილზე კი "ბენეფიტი" - 31 მლნ ლარი (ბაზრის 7%).

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 47.3 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 25% უჭირავს. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 43.3 მლნ ლარით (ბაზრის 23%), ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 25.9 მლნ ლარით (ბაზრის 13%).

ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 112 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 353.3  მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 48% მოდის. მეორე ადგილზეა  „თიბისი“ 18.2 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „ჯიპიაი“ 11.4 მლნ. ლარით.

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 81  მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 9   თვეში 36.8  მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 45% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 23.9 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“  - 7.2 მილიონი ლარით.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 26  მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი "ალდაგს" უჭირავს - 10.4 მილიონი ლარით და  მთლიანი ბაზრის 40%, მეორე ადგილზე "ჯიპიაი" 5.8  მილიონი ლარით.  მესამე პოზიციას "უნისონი" იკავებს -3.8 მილიონი ლარით.

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

"2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის" - ირაკლი კობახიძე

"2030 წლისთვის ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის" - ირაკლი კობახიძე

გამოგვყევით