ლარის კურსი და ეკონომიკა დასტაბილურდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გრძელდება.
"ოქტომბრის თვეც 11%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდა. შესაბამისად, 10 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10%. წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ეს შარშანდელზე მაღალი მაჩვენებელია და ეს პროცესი გაგრძელდება. რამდენიმე დღიან ძალადობას შეუძლია მცირე რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს არის დროებითი. ლარის კურსი და ეკონომიკა დასტაბილურდება.
ჩვენ წლის ბოლოსთვის ვფიქრობ, რომ მინიმუმ 9.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ. შარშანდელი მაჩვენებელი იყო 7.8%, ხოლო წელს ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება, თან ეს ხდება რადიკალიზმის ფონზე, მათ შორის, საარჩევნო პერიოდში არ იყო მშვიდი გარემო. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა თუ არ იქნებოდა რადიკალიზმის მუდმივი მცდელობა და 4 წელში 4 რევოლუციის მოწყობის მცდელობა?! - რა თქმა უნდა, ტემპი კიდევ უფრო მეტი გვექნებოდა, მაგრამ ეს არის ის, რისი წახალისებაც უცხოური დაფინანსებით ხდება. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და სახელმწიფო არის კიდევ უფრო ძლიერი.
აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში რადიკალიზმიც შემცირდება და ეს ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო გაუმჯობესებას დაეტყობა", - აცხადებს პრემიერი.