logo
Loading data...

"ჯინო აკვაპარკის" ღია სივრცეები მაისის დასაწყისში გაიხსნება

"ჯინო აკვაპარკის" ღია სივრცეები მაისის დასაწყისში გაიხსნება

1714039200

"ჯინო აკვაპარკის" ღია სივრცეები მაისის დასაწყისში გაიხსნება. როგორც “ბიზნესპარტნიორს” კომპანიაში განუცხადეს, აკვაპარკი ზაფხულის სეზონს სიახლეებით შეხვდება.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განახლდა ტალღოვანი აუზი, გემი და ასევე, შეიცვალა სამზარეულოს მიმართულება.

“სიახლეები ბევრი მიმართულებით იქნება ჩვენს აკვაპარკში. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი აკვაპარკი ვართ საქართველოში, მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ სიახლეები და განახლებული გარემო. “ჯინოში” გვაქვს რებრენდინგიც, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ ხალისს, დასვენებასა და განსაკუთრებულ გარემოს ვპირდებით.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით განახლდა ჩვენი სტუმრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული ტალღოვანი აუზი. მის განახლებაში  საკმაოდ დიდი ინვესტიცია  ჩაიდო. განახლდა  ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტი -  გემი, რომელიც უნიკალურია მისი ვიზუალით და მასაჟორებიანი ჯაკუზით, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ასევე განახლდა სამზარეულოს მიმართულება, არსებულ კერძებს ემატება სხვადასხვა სივრცეები, განსხვავებული კონცეფციებით. ჩვენი შეფი სტუმრებს ამ სეზონზე, მექსიკურ სამზარეულოს, აზიურ კუთხესა და მრავალფეროვან მენიუს შესთავაზებს. დაგვემატება “ჯინოს” საკუთარი ჩამოსასხმელი ლუდი, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

გარდა ამისა,  “ჯინო აკვაპარკი” წელს ხდება 10 წლის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს აუცილებლად გადავუხდით მადლობას და შევთავაზებთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განსაკუთრებული ბენეფიტებით ისარგებლონ.

პირველი ღია ბარი-აუზი გაიხსნა 15 აპრილს. ამინდებმა და ჩვენი მომხმარებლების განსაკუთრებულმა მოთხოვნამ, ღია აუზებთან დაკავშირებით, საშუალება მოგვცა ასეთი ადრეული გახსნა მოგვეწყო. ხვალ ოლიმპიური აუზი იხსნება, ხოლო მაისში მთლიანი კომპლექსი გაიხსნება”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

რაც შეეხება მოთხოვნას, როგორც “ჯინოში”  აცხადებენ,  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კვარტალური მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი და ეს ტენდენცია მზარდია.

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლების ძირითადი ნაწილი (85%) ადგილობრივი ვიზიტორია, ხოლო 15%-ს უცხოელი სტუმრები წარმოადგენენ.

მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია და შესაბამისი მოლოდინებიც გვაქვს. ვფიქრობთ, რომ სეზონი იქნება ძალიან დატვირთული და თუ აქამდე 2500 სტუმარს ვმასპინძლობდით დღეში, ახლა კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობა გვექნება.

მაგალითად, გაორმაგდა მასაჟების რაოდენობა, სტუმრების ვიზიტი სპა სივრცესა და აკვაპარკში. ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა ჩვენმა დაბადების დღის ცენტრმა „ჯინო ჯუნიორმა“, სადაც დაბადების დღეების რაოდენობა თითქმის 40%-ით გაიზარდა.  ძალიან პოპულარულია სკოლის ექსკურსიები, სადაც პატარები გვსტუმრობენ მშობლებთან ან მასწავლებლებთან ერთად და მთელი დღის მანძილზე შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას”, - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ფასებს  - “ჯინო აკვაპარკი” წელს პირველად მომხმარებლებს წინასწარი ჯავშნების სისტემით სარგებლობას სთავაზობს, რისი მიხედვითაც მათი ვიზიტის ფასი შესაძლოა 29 ლარიდან დაიწყოს.

გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლები გასულ სეზონებზე უფრო ხშირად დღიურ აბონემენტებს ყიდულობდნენ.

“გვინდა შესაძლებლობა მივცეთ ნებისმიერ ადამიანს გვესტუმროს და ისარგებლოს ყველა იმ ბენეფიტით, რომელსაც სხვაგან საქართველოში და უფრო მეტიც, ამიერკავკასიაშიც კი ვერ მიიღებენ. ფასების პოლიტიკა იქნება აბსოლუტურად განსხვავებული.

ჩვენს პროდუქტებზე ვრცელდება, როგორც რამდენიმე თვიანი, ასევე დღიური ვიზიტის აბონემენტები. დიდი წილი ამ მიმართულებით დღიურ აბონიმენტებს უჭირავს, თუმცა ჩვენს ვებგვერდზე შეინიშნება ტენდენცია, რომ იზრდება უფრო გრძელვადიანი აბონიმენტების რეალიზაციაც”, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც “ჯინო აკვაპარკში” აცხადებენ, აკვაპარკმა ზამთრის სეზონიც წარმატებით დაასრულა და წინა წლის ზამთრის მონაცემებთან შედარებით, ვიზიტორთა და შემოსავლის რაოდენობა მკვეთრად იყო გაზრდილი.

“ჩვენ რამდენიმე განსაკუთრებული პროდუქტი გვაქვს, რომელიც ზამთრის სეზონზე ზაფხულს გვანარჩუნებინებს ჩვენს სივრცეში. სპა, რომელიც 6 საუნას მოიცავს, მათ შორის საუნებს, რომლის ანალოგიც თბილისში არ არსებობს. გვაქვს პრივატული სპა „ექსელენთ“ სივრცე, სადაც ხშირად იგეგმება დახურული ღონისძიებები, დაბადების დღეები და ა.შ. ამ სივრცეში მომხმარებლებს საშუალება აქვთ ყველა საუნით ისარგებლონ, აქვეა ღვინის და ლუდის აბაზანები, კლეოპატრას აბაზანა და საკუთარი ტერასა. ზამთარში განსაკუთრებულად პოპულარულია დახურული აუზები და გემის ჯაკუზი.

მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნის გაზრდის ნიშნები ჩვენს აკვაპარკში ზამთრის სეზონზევე შეინიშნებოდა. ეს კი გამოწვეულია ჩვენი პროდუქტების მრავალფეროვნებით. ჩვენი დახურული აუზები და უნიკალური სპა სივრცე შესაძლებლობას ქმნის ოთხივე სეზონზე თავი იგრძნოთ კურორტზე, რომელიც საკუთარ ქალაქშივეა”, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, “ჯინო აკვაპარკი” - კურორტი თბილისში, მოიცავს აკვაპარკს დახურული და ღია საცურაო აუზებით, ტოპოგანს 6 სლაიდით, დაბადების დღის ცენტრს „ჯინო ჯუნიორს“, უნიკალურ სპა სივრცეს, პირად სპას „ექსელენთ სივრცეს“ სავარჯიშო დარბაზს და ასევე, გემს უნიკალური ჯაკუზით და მასაჟორებით.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით