logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კულა" ნიგერიაში ექსპორტისთვის ემზადება

საკონსერვო კომპანია "კულა" ნიგერიაში ექსპორტისთვის ემზადება. როგორც საკონსერვოს დამფუძნებელმა, ვანო გოგლიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. 

მისივე ინფორმაციით, კომპანია უცხოეთის ბაზრებზეა ორიენტირებული და არსებული მონაცემებით, წარმადობის 75% სწორედ, უცხოეთში იყიდება.

"კულა" სტაბილურად აგრძელებს მუშაობას. წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაყიდვები მცირედით გაიზარდა. აფრიკის ქვეყნებთან გვაქვს მოლაპარაკებები, მათ შორის, ვემზადებით ნიგერიაში ექსპორტისთვის. ევროპაში თითქმის ყველა ქვეყანაში წარმოდგენილები ვართ და ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალი პარტნიორიც გავიჩინეთ, თუმცა ეს ახალი ქვეყანა არ ყოფილა, არამედ არსებულ ბაზრებზე გავფართოვდით. 

იანვარში სხვადასხვა გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვაქვს იმედი, რომ აღნიშნული მიმართულებით სიახლეები კიდევ გვექნება. დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში გამოიკვეთება დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნიდან", - აცხადებს ვანო გოგლიძე.

შეგახსენებთ, საკონსერვო წარმოება "კულა"  ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 30 ქვეყანაში გააქვს.

გამოგვყევით