logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ლილო მოლი" გაფართოების გეგმაზე მუშაობს - "ფაქტობრივად, იქმნება ახალი სავაჭრო ცენტრი"

ამიერკავკასიის რეგიონში ერთ-ერთი  უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი - ,,ლილო მოლი“ გაფართოების მასშტაბური გეგმის განხორციელებას იწყებს. როგორც სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, წელს იწყება პროექტი და პირველი ეტაპი შესაძლოა წელსვე დასრულდეს.

კვარაცხელიას შეფასებით, მასშტაბური პროექტის განხორციელებით ‘’ლილო მოლის“  პოზიცია რეგიონში კიდევ უფრო განმტკიცდება.

"ამ ეტაპზე პროექტირების პროცესში ვართ, გეგმა დამტკიცებულია და პროექტებზე აქტიურად ვიმუშავებთ.  პროექტი საბოლოო სახით ჯერ კიდევ არ არის, დეტალებს ვაზუსტებთ და უახლოეს პერიოდში დასრულდება მომზადების პროცესი და დავიწყებთ მშენებლობასაც. გეგმის მიხედვით, ფაქტობრივად ახალი სავაჭრო ცენტრი იქმნება, მოეწყობა  საპარკინგე სივრცე, საბაჟო ტერმინალი, სასაწყობო მეურნეობა და სხვა, მთლიანად იცვლება კონცეფცია. თუმცა რადგან პროექტის ბოლო ვერსია ჯერ კიდევ არ გვაქვს, სხვა ნიუანსებზე ვერ ვისაუბრებ.  სავაჭრო ცენტრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი წელს განხორციელდება. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა დონის პროექტია და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მისი დასრულების ვადა ჯერ არ გვაქვს განსაზღვრული“, - აცხადებს გიორგი კვარაცხელია.

‘’ლილო მოლის“ დირექტორი მიმდინარე ტენდენციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან მზარდია და ამ თვალსაზრისით  პოსტპანდემიური გამოწვევებიც საბოლოოდ დაძლეულია.

,,დიდი კრიზისი იყო კორონავირუსის გამო, როგორც მთელ სექტორში, ჩვენს სერიოზული პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ დღეს ეს გამოწვევები სრულად დაძლეულია. საკმაოდ სწრაფად მოვახდინეთ ძალების აღდგენა. ეს არ არის სტანდარტული სავაჭრო ისედაც ვართ ჰაბი რეგიონში და ამ სტატუსს მომავალშიც შევინარჩუნებთ. ამ ეტაპზე გაყიდვების კუთხით ცოტა პასიურობაა, სეზონური ფაქტორიდან გამომდინარე, თუმცა აპრილიდან აქტიურ სეზონს დავიწყებთ“, - აცხადებს გიორგი კვარაცხელია.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებას ‘’ლილო მოლის“ დირექტორი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

რაც შეეხება ამჟამინდელ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრის საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი, სადაც 6 000-მდე მაღაზიაა განთავსებული.

ცნობისთვის, ‘’ლილო მოლი“ 33 წლის წინ გაიხსნა.  დღეის მდგომარეობით, 4000-მდე  ადამიანია ეწევა სავაჭრო საქმიანობას. სავაჭრო ცენტრს ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

გამოგვყევით