ვემზადებით შავი ზღვის ფსკერის კვლევაზე ტენდერის გამოსაცხადებლად, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ფსკერის კვლევას დაახლოებით, 1 წელი დასჭირდება, რის შემდეგაც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელი იქნება.
"მსოფლიო ბანკმა უკვე დაგვიმტკიცა ჩარჩო-შეთანხმება შეღავათიანი სასესხო დაფინანსების თაობაზე - ნახევარი მლრდ. დოლარის ფარგლებში. ეს არის მრავალფაზიანი დაფინანსება. პირველ ფაზაში ჩვენ 35 მლნ. დოლარს ვითვისებთ, რომელიც გამოყენებული იქნება შავი ზღვის ფსკერის კვლევისთვის. კერძოდ, გეოფიზიკური, გეოლოგიური, გეოტექნიკური და ყველა იმ კვლევისთვის, რომელიც მარშრუტის დაზუსტებისთვის და გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის არის საჭირო. ასევე, განხორციელდეს სხვა ტექნიკური სამუშაოები, რომელიც საჭიროა პროექტის კვლევითი ეტაპის დასასრულებლად და განხორციელების ეტაპზე გადასასვლელად. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი შავი ზღვის ფსკერის კვლევაზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, რადგან ეს პროექტი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიას არ მოიცავს. ჩვენ ერთობლივად უნდა შევათანხმოთ მეთოდოლოგია, ავიღოთ ნებართვები და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმიანობა მალე დაიწყება", - აცხადებს ზვიად გაჩეჩილაძე.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტი საკმაოდ აქტიურად მიიწევს წინ და ამჟამად, ევროკომისიასთან, ენერგეტიკის დირექტორატთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტს ერთობლივი პროექტის სტატუსი მიენიჭოს და ევროპული პროექტი გახდეს.
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა, რომლის შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც, მათ შორის, ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას.