"ჩირჩხელა" ისრაელისა და გერმანიის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც "ჩირჩხელას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ ბაზრებზე პროდუქცია მიმდინარე წლის ბოლომდე გავა.
მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად გერმანიაში 3 დასახელების ჩირი გაიგზავნება, ხოლო ისრაელში ქაშერული (ითქმის ებრაული წესით მომზადებულ საკვებზე) ჩურჩხელა.
ირმა კვაჭანტირაძის თქმით, ზოგადად, კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-30%-ით გაზრდილია.
"ადგილობრივ ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს ონლაინ შეკვეთები. ჩვენი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი საცალო სეგმენტია, ხოლო კორპორატიული ნაწილი სადღესასწაულო დღეებში უფრო მეტად აქტიურდება. რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას - გერმანიასთან მოლაპარაკებები შედგა, არის შეთანხმება და მოთხოვნა უფრო მეტად არის ჩირეულზე, მათ შორის, კივის, ფეიხოს, ქლიავისა და ატმის ჩირზე. რაც შეეხება ისრაელის ბაზარს - ისინი ქაშერულ ჩურჩხელას ითხოვენ. ყურძნის დაკრეფვაც და შემდეგ დამუშავებაც ქაშერული გზით უნდა მოხდეს და შესაბამისად, ველოდებით ამ სეზონს. აღნიშნული პროდუქციის დამზადება გარკვეული სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს", - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
რაც შეეხება სააღდგომო პერიოდს - კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, "ჩირჩხელას" პასკაზე მოთხოვნა სტაბილურია და შეკვეთები უკვე არის.
ცნობისთვის, "ჩირჩხელა" ოჯახური ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და თბილისში (ვაკე) ერთ მაღაზიას ფლობს. "ჩირჩხელა" ექსპორტზე საბერძნეთსა და ჩეხეთში გადის.
კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის ნაირსახეობასა და პასკების ასორტიმენტს სთავაზობს.