logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართული ჩაი ევროპული ბაზრის დასაპყრობად ახალი სტრატეგიით ემზადება - გაერთიანებული მეწარმეები, ერთიანი ბრენდი და ხარისხის ახალი სტანდარტი

ქართული ჩაი ევროპული ბაზრის დასაპყრობად ახალი სტრატეგიით ემზადება - გაერთიანებული მეწარმეები, ერთიანი ბრენდი და ხარისხის ახალი სტანდარტი

1793528715

ქართული ჩაის სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მთავარი ამოცანა ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერება და ქართული ჩაის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებაა. ამ პროცესში კი მთავარი როლი სწორედ დარგობრივ გაერთიანებას აქვს.

რა გაკეთდა ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაციის - “საქართველო ჩაის რესპუბლიკის“ დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა საერთაშორისო პარტნიორობამ და როგორია სექტორის განვითარების სტრატეგია...

ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია - „საქართველო - ჩაის რესპუბლიკის“ ოფიციალურ პრეზენტაციაზე მეწარმეებმა  წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგენეს. ისაუბრეს გერმანიაში, ბერლინსა და ჰამბურგში გამართულ LEDP-ის  ვიზიტის შედეგებზე, სადაც გაერთიანების დელეგაციამ ქართული ჩაის გამოფენა-პრეზენტაცია გამართა და გაეცნო გერმანული მწარმოებელთა ორგანიზაციების გამოცდილებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და HELVETAS-ის წარმომადგენლები, დარგობრივი ექსპერტები, ფერმერები და ჟურნალისტები.

ქართული ჩაის სექტორის ტრანსფორმაცია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება, სადაც პროცესი არა ქაოტური წარმოებით, არამედ მკაფიოდ გათვლილი ბაზრის მოთხოვნით  უნდა იწყებოდეს - წინასწარ განისაზღვროს პლანტაციებისა და გადამამუშავებელი საწარმოების ოპტიმალური მასშტაბები, რათა გამოშვებული პროდუქცია რეალურად გაიყიდოს და საწყობებში არ „გაიყინოს“.

ამ ეკონომიკური მიზნის მიღწევაში, ბუნებრივია, გადამწყვეტი როლი ეკუთვნის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულმა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამამ, რომლის ფარგლებშიც უკვე 1400 ჰექტრამდე ფართობი მოწესრიგდა, წარმატებით დააბალანსა ნედლეულის ბაზა საწარმოო სიმძლავრეებთან. დღის წესრიგში დადგა ათწლეულების განმავლობაში შეჩერებული „ჩაის რეგლამენტის“ მიღება, რაც ბაზარზე ხარისხის მკაცრ სტანდარტებს და სამართლიან კონკურენციას დაამკვიდრებს.

სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა ამით არ სრულდება - ის პირდაპირ კავშირშია რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებასთან და გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციასთან, რადგან დასავლეთ საქართველოში, სადაც დასაქმების კუთხით სერიოზული გამოწვევებია, ჩაის სექტორი მაღალი ეფექტის მქონე სტრატეგიულ დარგს წარმოადგენს.

ამ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში დამკვიდრებას  ბიძგს აძლევს საერთაშორისო დონორების (მაგალითად, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს) მხარდაჭერა და ჰამბურგის მსგავს მსოფლიო ჰაბებში გამართული შეხვედრები, თუმცა ინდივიდუალური მწარმოებლების ფრაგმენტული ძალისხმევა საერთაშორისო კონტრაქტებამდე მარტო ვერ მივა.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკურად ყველაზე რაციონალური და აუცილებელი ნაბიჯი მეწარმეთა გაერთიანების ბაზაზე ერთიანი სერვისცენტრის შექმნაა - სივრცე, სადაც სხვადასხვა ფაბრიკის პროდუქცია თავს მოიყრის, დახარისხდება და ერთგვაროვან, მასშტაბურ საექსპორტო პარტიებად (კუპაჟებად) მომზადდება, რაც ქართულ ჩაის კონკურენტუნარიანს გახდის და გრძელვადიან ფინანსურ წარმატებას მოუტანს.

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე გაერთიანებაზე და ქართული ჩაის მომავალზე საუბრობს:

„ჩაის მრავალწლიანი ისტორია აქვს საქართველოში და ის საკმაოდ პოპულარული პროდუქტია. ჩაის დარგში მრავალი სტრუქტურა არსებობდა და არსებობს ასოციაციების სახით, მაგრამ გაერთიანება, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა, სულ სხვაგვარი სტრატეგიით შემოვიდა სექტორში. იმდენად, რამდენადაც ამ გაერთიანების შექმნაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ, მასში აქტიურად ჩაერთვნენ მწარმოებლები და უკვე არსებული ასოციაციები - ეს ყველაფერი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერმა უკვე საბოლოო სახე მიიღო, ეს მაინც ჩამოყალიბების რეჟიმშია და გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.

ორგანიზაციაში გაერთიანდა 35-მდე მეწარმე, მსხვილი და საშუალო ბიზნესი და დაიწყეს სვლა ერთიანი მიზნისკენ, რასაც ქართული ჩაის პოპულარიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მარკეტინგის საკითხებში დახმარება ჰქვია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომ, გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბოლო წლებში საკმაოდ აქტიური როლი იკისრა ჩაის დარგის განვითარების საქმეში.

ჩაის დარგი ქვეყნისთვის სტრატეგიულია; მას შეუძლია უამრავი ადამიანის დასაქმება დასავლეთ საქართველოში, სადაც სამუშაო ადგილები ნამდვილად ჭირს. ჩაის პროდუქცია განიხილება, როგორც ძალიან კარგი საექსპორტო რესურსი, რომელსაც თავისი ისტორიული წარსული აქვს. სწორედ ამ კუთხით არის ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მრავალი შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც რეალური შედეგიც გამოიღო. მაგალითად, ჩაის რეგლამენტის კანონი, რომელიც ათწლეულების მანძილზე თაროზე იყო შემოდებული, ამ შეხვედრების დროს გაჟღერდა; შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, გადამუშავდა ძველი რედაქცია და მიიღეს დარგისთვის მნიშვნელოვანი კანონი.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ჩაის პროდუქციის პოპულარიზაციას, წვდომას, მარკეტინგსა და ბრენდირებას, ეს ყველაფერი დაგვეხმარება როგორც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაში, ისე შიდა ბაზარზე გაყიდვების ყოველწლიურ ზრდაში.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოება უნდა დაიწყოს ბაზრიდან, ანუ ბაზრის რეალური მოთხოვნიდან გამომდინარე - წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რამდენი პლანტაცია გვჭირდება, როგორი უნდა იყოს გადამამუშავებელი სიმძლავრე და რამდენი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ ისე, რომ ის გაიყიდოს და საწყობში არ დარჩეს. წინა წლებშიც იყო სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა - მოგეხსენებათ, მუშაობდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 1400 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოხდა. ამან ხელი შეუწყო ნედლეულის ბაზისა და გადამამუშავებელი სიმძლავრეების ერთმანეთთან თანაწყობას. ყველაფერი ერთი მთლიანი ჯაჭვია: პლანტაციების მოვლა, გადამამუშავებელი საწარმოო სიმძლავრეების რეგულირება, გამოშვებული პროდუქცია, მისი ხარისხი და რეალიზაცია.

ამ პროცესებში ყველგან ჩართულია სახელმწიფო და მინდა გითხრათ, რომ ამჟამად სახელმწიფოს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს ვხედავთ. ეს თანამშრომლობა სწორედ ამ ორგანიზაციის ფარგლებში შედგა და ეს ძალიან კარგია.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამით, ჩვენი ჯგუფი იმყოფებოდა გერმანიაში, ჰამბურგში, სადაც შევხვდით ცნობილ ჩაის შემსყიდველებს. ჰამბურგი არის ჰაბი, სადაც ბევრი ქვეყნის ჩაის პროდუქცია გროვდება და შემდეგ მთელ მსოფლიოში ნაწილდება. იქ 15-ამდე ცნობილ შემსყიდველ ორგანიზაციას შევხვდით და მოვაწყეთ ქართული ჩაის კონგრესი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

მივხვდით, რომ საჭიროა ახალი ბრენდირება და ერთგვაროვანი პროდუქციის შექმნა - ყველა მწარმოებელი ცალ-ცალკე ვერ გაყიდის პროდუქციას და ვერ გავა მსხვილ კონტრაქტორებზე. ამიტომ, გადაწყვეტილია, რომ ამ ორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნას ერთიანი სერვისცენტრი.

აქ თავს მოიყრის ყველა იმ ქართული კომპანიის პროდუქცია, ვისაც თანამშრომლობის სურვილი ექნება; ის დახარისხდება, დაკუპაჟდება და მომზადდება ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებული საექსპორტო პროდუქti. ზუსტად ამის მიღწევა გვინდა და ამაზე ვმუშაობთ - მინდა მოვუწოდო ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრს, იქნება ეს საშუალო თუ დიდი ჩაის ფაბრიკა,  რომ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ,“ - აცხადებს თენგიზ სვანიძე.

"საქართველო - ჩაის რესპუბლიკის" გაერთიანების პრეზიდენტი და „შემოქმედის ჩაის“ დირექტორი, გიორგი მაისურაძე აცხადებს, რომ ბერლინსა და ჰამბურგში გამართულმა ქართული ჩაის კონგრესმა ევროპელ იმპორტიორებს შორის დიდი ინტერესი და პირველი შეკვეთებიც მოიტანა. თუმცა, ამჟამად მთავარი ნაბიჯი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერაა.

„გერმანიაში ვიზიტმა ცალსახად დაგვანახა, რომ აუცილებელია საერთო სერვის ცენტრის შექმნა. რამდენიმე კომპანიასთან ერთად უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტოსა (RDA) და დონორ ორგანიზაციებს წარვუდგენთ. ეს ცენტრი აღიჭურვება გაწმენდა-დახარისხების სრულყოფილი ხაზით. ნებისმიერ მწარმოებელს საშუალება ექნება მოიტანოს პირველადი პროდუქტი, საერთაშორისო სტანდარტებით დაახარისხოს, გაწმინდოს და მოამზადოს სარეალიზაციოდ. ცალკეულ მცირე საწარმოს უჭირს გლობალურ ბაზარზე დამკვიდრება. ერთობლივი ასოციაციური მუშაობა, ხარისხის საერთო სტანდარტი და „ქართული ჩაის“ ერთიანი ბრენდის ქვეშ პოზიციონირება ერთადერთი სწორი გზაა სექტორის აღორძინებისთვის,"- აცხადებს გიორგი მაისურაძე.

გაერთიანებაში მყოფი მწარმოებლები ერთხმად თანხმდებიან, რომ რეგლამენტი ჩაის დარგის წინსვლაში ძალიან დაეხმარებათ.

„ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც მთავრობამ ზაფხულში დაამტკიცა და შემოდგომიდან ამოქმედდა, სექტორისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ხანგრძლივი მოლოდინის მქონე დოკუმენტია.

მისი ძირითადი მიზნები და არსი მოიცავს შემდეგს:

დოკუმენტი მკაცრად განსაზღვრავს ჩაის წარმოების, გადამუშავების, დასახელებისა და ბაზარზე განთავსების სავალდებულო მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს ერთიან სისტემაში მოაქცევს.

რეგლამენტი უზრუნველყოფს, რომ ბაზარზე მხოლოდ ხარისხიანი და სწორად მარკირებული პროდუქცია იყიდებოდეს, გამოირიცხოს უხარისხო ან არასწორად მომზადებული პროდუქტის გავრცელება.

კანონი ხელს უწყობს ქართული ჩაის ექსპორტის პოტენციალის ზრდას, რადგან საგარეო ბაზრებზე, განსაკუთრებით ევროპაში, შესასვლელად მკაფიო და კანონმდებლობით გამყარებული ხარისხის კონტროლი კრიტიკულად აუცილებელია.

ამ რეგლამენტის მიღება დარგის წარმომადგენლებისთვის (მათ შორის „საქართველო ჩაის რესპუბლიკისთვის“) დიდი გამარჯვებაა, რადგან ის აწესრიგებს წლების განმავლობაში არსებულ სამართლებრივ ვაკუუმს და ადგილობრივ მწარმოებლებს ჯანსაღი კონკურენციის პირობებს უქმნის.

გამოგვყევით