logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

საქართველოში სამედიცინო პროცედურებზე ყველაზე დიდი დაინტერესება ისრაელიდან მოდის - სტარტაპი Connect

საქართველოში სამედიცინო პროცედურებზე ყველაზე დიდი დაინტერესება ისრაელიდან მოდის, - ამის შესახებ ქართული სამედიცინო ტურისტული სტარტაპის Connect-ის დამფუძნებელმა ლევან ჭანუყვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მიმართულებით ყველაზე დიდი მოთხოვნა სტომატოლოგიაზე, პლასტიკურ ქირურგიასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა, თურქეთის მიმართულებით კი თმის გადანერგვაზე. 

"ჩვენ სხვა უცხოურ სააგენტოებთან დავიწყეთ თანამშრომლობა და მათგან ვიღებთ მომხმარებლებს. მათი რაოდენობა მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიზნესმოდელი შეიცვალა და კლინიკებს უკვე CRM პლატფორმას ვთავაზობთ. CRM  - პაციენტების მართვის პლატფორმაა, რომელში არსებული ხელსაწყოები კლინიკებს პაციენტების მენეჯმენტში, ანალიტიკასა და რეპორტინგში ეხმარება. გარდა ამისა, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ფინანსური ნაწილის მენეჯმენტიც შესაძლებელია, მათ შორის, ინვოისების მართვა და ა.შ. 

სამედიცინო ტურიზმის კუთხით, საქართველოში გამოკვეთილი ინტერესი არის ისრაელიდან და ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ა.შ. გარდა ამისა, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაინტერესებაც ჩანს, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ამ რეგიონში სამედიცინო ტურიზმის ტენდენცია უფრო რუსეთის მიმართულებით იყო ხოლმე. ტენდენცია იცვლება და უფრო მეტად დასავლეთისკენ ორიენტირებულები ხდებიან. ზოგადად სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, მომხმარებლების მხრიდან თურქეთი ისევ ყველაზე მეტად მოთხოვნადი ქვეყანაა, თუმცა ასევე, არის დაინტერესება და მოთხოვნა საქართველოსა და ისრაელის მიმართულებითაც", - აცხადებს ლევან ჭანუყვაძე. 

როგორც Connect-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, სტარტაპის მიზანი არის ის, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მათი მომხმარებლების რაოდენობა  20%-ით გაიზარდოს, რისთვისაც  კომპანია აქტიურად მუშაობს. 

ცნობისთვის, სტარტაპი Connect-ი სამედიცინო მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს ინტერესების თანაკვეთისთვის ციფრულ სივრცეს სთავაზობს. სტარტაპი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიღებასა და ანგარიშწარმოებას, როგორც მომხმარებლისთვის, ისე პროცესში ჩართული ორგანიზაციებისთვის.

სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

გამოგვყევით